LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომბუდსმენი შემოქმედების თავისუფლებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს

44

სახალხო დამცველი ეხმაურება საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც ცვლილებები შედის „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში და მას საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ და შემოქმედების თავისუფლების შემზღუდველად აფასებს.

სახალხო დამცველის განცხადებით, ხაზგასასმელია, რომ ბოლო მოვლენების, კერძოდ, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის სისხლის სამართლის დანაშაულად მიჩნევის ინიციატივებისა და „აიისას“ საქმის გათვალისწინებით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართული ინიციატივების ტენდენცია იკვეთება, რაც მისი შეფასებით, უაღრესად სამწუხაროა.

„ზემოაღნიშნული კანონპროექტი, ძირითადად, იმეორებს კანონში უკვე არსებულ, ე.წ. „მკვდარი ნორმის“ მოძველებულ და გამოხატვის თავისუფლებასთან შეუსაბამო რედაქციას. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით არც ერთი უწყება არაა უფლებამოსილი ხსენებულ ნორმაზე დაყრდნობით შეზღუდოს შემოქმედების თავისუფლება. კანონპროექტის მთავარი სიახლე კი შეზღუდვის ახალი კანონის სახით გაფორმება და აღსრულების მექანიზმზე მითითებაა, რაც უკვე ხელშესახებად და პრაქტიკაში გამოყენებადად აქცევს მას. საქართველოს კონსტიტუცია ცალსახად აცხადებს, რომ „შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია“, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. ერთადერთი, სადაც შესაძლებელია ჩარევა, შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელებაა და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი გავრცელება ლახავს სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს,“ – აცხადებს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს კანონპროექტი აღნიშნული სახით და მიიჩნევს, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ტექსტში შემდეგი ცვლილებების შეტანა:

  1. ნორმიდან ამოღებული უნდა იქნეს შემოქმედებით პროცესში ჩარევისა და შემოქმედებითი საქმიანობის ცენზურის შესაძლებლობა, როგორც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მყოფი;
  2. შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვის საფუძველი არ უნდა გასცდეს კონსტიტუციაში მითითებულ „სხვათა უფლებებს“;
  3. კანონმა უნდა მოიცვას „სხვათა უფლებებში“ ნაგულისხმევი საფუძვლების ამომწურავი ჩამონათვალი, რათა შესაბამისობაში მოვიდეს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით დადგენილ სტანდარტებთან. ეს გულისხმობს შემოქმედების თავისუფლების მხოლოდ ნათელი დაგანჭვრეტადი, ვიწროდ მიზანმიმართული კანონით შეზღუდვის შესაძლებლობას და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატება შეზღუდვით მიყენებულ ზიანს;
  4. პარლამენტის მიერ მიღებული კანონი უნდა იყოს პირდაპირ მიმართული ლეგიტიმური მიზნის განხორციელებისაკენ, კრიტიკულად აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის, არადისკრიმინაციული, პროპორციულად შემზღუდველი;
  5. ამასთან, „კულტურის შესახებ“ კანონში პირდაპირ უნდა აისახოს უფლების შეზღუდვის ტესტი, რისი მაგალითებიც არსებობს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონსა და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი მის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებს კანონპროექტში ასახავს და აღნიშნულ პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართულობის მყარ შესაძლებლობებს შექმნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები