LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომი მიუნხენში გაგრძელდება: ატლეტიკომ ბაიერნიც გააშეშა

41

ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალები მოილია. მადრიდის ”ატლეტიკომ” მიუნხენის ”ბაიერნს” შინ 1:0 მოუგო და ბუნებრივია გადამწყვეტი უპირატესობა არ მოუპოვებია, მაგრამ ერთი პატარა ნაბიჯი გადადგა დიდი ფინალისკენ.

ამ გუნდების საერთო დაპირისპირებაში შანსები ალბათ ისევ თანაბარია და ამიტომ გერმანიაშიც ძალიან დაძაბულ და საინტერესო თამაშს ელის ფეხბურთის გულშემატკივარი.

წუხელ კი “ვისენტე კალდერონზე” ფანტასტიური ატმოსფერო იყო, რაც ისედაც მუდმივად მეომარ ”ათლეტებს” კიდევ უფრო განაწყობდა საბრძოლველად.

მე-11 წუთზე საულ ნიგესმა საოცარი სოლო-რეიდი შორეულ კუთხეში ელეგანტური დარტყმით დააგვირგვინა – 1:0. როგორც გამოჩნდა, ეს იყო მატჩის ერთადერთი გოლი, მაგრამ მხოლოდ დასაწყისი სახიფათო მომენტებისა.

განსაკუთრებით მეორე ტაიმში სტუმრებს არაერთხელ შეეძლოთ გატანა, თუმცა აუცილებლად სათქმელია ფერნანდო ტორესის ეპიზოდიც, როდესაც ელ ნინიომ ძელს მოარტყა ბურთი, არადა ორბურთიანი სხვაობა უკვე სოლიდური უპირატესობა იქნებოდა.

მოკლედ, მიუნხენში ომის გაგრძელება იქნება…

“პირველი ტაიმი ისე ჩავატარეთ, როგორც ვგეგმავდით. მეორეში მეტოქემ გვაჯობა, მაგრამ თავს დამაჯერებლად ვგრძნობდით და თავი კარგად დავიცავით.

გოლის გატანა ყოველთვის გვსურს, ის კი ნებისმიერი სიტუაციიდან შეიძლება მოვიდეს. საული პროგრესირებს და ეს ჩვენთვის ძალიან კარგია.

რთული მატჩი გველის განმეორებით შეხვედრაში, მაგრამ გოლის გატანა იქაც შეგვიძლია”, – განაცხადა ”ატლეტიკოს” მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ.

“საპასუხო მატჩში სხვა ტემპში უნდა ვითამაშოთ. მეტოქემ შესანიშნავი გოლი გაიტანა, მაგრამ ეს ჩვენი შეცდომების ხარჯზე მოხდა – ჩემი ფეხბურთელები გაშეშდნენ საულის წინაშე. თუ მეტოქეს გაქცევას და ჯარიმების მოპოვების საშუალებას მივცემთ, მაშინ გაგვიჭირდება. ეს არადამაკმაყოფილებელი შედეგია.

გუნდები, რომლებიც “ატლეტიკოს” ეთამაშებიან, ცოტა საგოლე მომენტს ქმნიან. ჩვენც რამდენიმე მომენტი გვქონდა.

ამ თამაშს კიდევ ერთხელ უნდა ვუყურო, ოღონდ ახლა უფრო დაწყნარებულზე”, – ეს უკვე პეპ გვარდიოლამ თქვა.

საპასუხო მატჩი მიუნხენში 3 მაისს გაიმართება.

ატლეტიკო-ბაიერნი 1:0

გოლი: 1:0 საული (11)

ატლეტიკო: ობლაკი – ხუანფრანი, ხიმენესი, სავიჩი, ფილიპე ლუიში – გაბი, კოკე, ფერნანდესი, საული (85. ტომასი) – გრიზმანი, ფ. ტორესი

ბაიერნი: ნოიერი – ლამი, მარტინესი, ალაბა, ბერნატი (77. ბენატია) – ჩაბი ალონსო – ტიაგო ალკანატარა (70. მიულერი), ვიდალი, კომანი (60. რიბერი), დუგლას კოშტა – ლევანდოვსკი

გაფრთხილება: საული – დუგლას კოსტა, ბენატია, ნოიერი, ვიდალი

https://www.youtube.com/watch?v=EeJKOAU2uN8

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები