LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ომს გადაურჩი და აქ ვერ დააღწიე თავი“ – ვინ არიან სასტუმრო ლეოგრანდის ხანძარს შეწირულები

509

ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში მომხდარ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან 10 საქართველოს, ხოლო ერთი ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა.

„ფორტუნა“ დაინტერესდა ვინ არიან ხანძრის დროს გარდაცვლილები. გთავაზობთ მათ შესახებ მცირე ინფორმაციას.

გარდაცვლილებიდან უმეტესობა ერთმანეთს იცნობდა, ზოგს კი დიდი ხნის მეგობრობაც აკავშირებდა.

 

გიორგი ცინცაძე

გიორგი ცინცაძე ბათუმში ცხოვრობდა. 30 წლამდე მამაკაცს მეუღლე და ორი შვილი ჰყავდა.

ის წმიდა იოანე ღმრთისმეტყველის სახელობის ბათუმის სასულიერო სემინარიის მეორე კურსის სტუდენტი იყო. ამავდროულად, გიორგი ცინცაძე „ნიკორშიც“ მუშაობდა.

მის შესახებ კომპანია წერს, რომ განსაკუთრებული ადამიანი იყო:

„ის განსაკუთრებული ადამიანი იყო, ყველასგან გამორჩეული. მისი გარდაცვალება ჩვენი გუნდის დიდი დანაკლისია.

მადლობა მას ჩვენს კომპანიაში, დაუღალავი და კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის.

გიორგის დარჩა უსაყვარლესი მეუღლე და ტყუპი ორი ვაჟკაცი.ვუსამძიმრებთ ყველა მის ოჯახის ახლობლებს.

გიო, არც კი გვჯერა ამას რომ შენს შესახებ ვწერთ.

შენ მუდამ დარჩები ყველა ჩვენგანის მეხსიერებაში, როგორც გამორჩეულად გულთბილი, მუდამ მომღიმარი და ყველასათვის საყვარელი “ცინცო”

ზაურ აბულაძე

ბათუმში,  სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულთა შორის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ზაურ აბულაძეა, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2011 წლამდე მსახურობდა და 2010 წელს ავღანეთში საერთაშორისო მისიას ასრულებდა. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

33 წლის ზაურ აბულაძე, უახლოეს მომავალში ოჯახის შექმნას გეგმავდა.

„ომს გადაურჩი და აქ ვერ დააღწიე თავი“–  წერენ მისი ახლობლები სოციალურ ქსელში.

გიორგი მორთულაძე

21 წლის გიორგის მეგობრები კუკურის ეძახდნენ. ის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში ცხოვრობდა. ორი წლის წინ, ახალგაზრდამ სამრევლო სკოლა დაამთავრა და სწავლა ბათუმში განაგრძო.

გიორგი სტიქაროსანი და ხატმწერი იყო. მისი ახლობლების ინფორმაციით, სასტუმროში სავარჯოშოდ იყო მისული.

მისი მეგობარი იყო კიდევ ერთი გარდაცვლილი ბექა შატიკაშვილი.

ბექა შატიკაშვილი

21 წლის ბექა შატაკიშვილი წარმოშობით გორიდან იყო.

ბექა 12 წელი ბათუმის სასულიერო გიმნაზიაში ცხოვრობდა. ის სტიქაროსანი და ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის ყოფილი მნათე იყო.

მან სიცოცხლის ბოლო წუთებში დედას დაურეკა, რომელიც გორიდან ბათუმში მალე ჩავიდა, თუმცა ცოცხალი შვილის ნახვა ვეღარ შეძლო.

 

მარად შანთაძე

მეზღვაური იყო, ერთი კვირის წინ დაბრუნდა ნაოსნობიდან.

როგორ ჩანს, მარად შანთაძე ხშირად დადიოდა სასტუმრო ლეოგრანდში სავარჯიშოდ.

მას კიდევ ერთ მსხვერპლთან როინ ჯოყილაძესთან ერთად, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, სოციალურ ქსელში სავარჯიშო დარბაზში გადაღებული ფოტო უდევს.

როინ ჯოყილაძე

როინ ჯოყილაძეც ბათუმში ცხოვრობდა. ისიც პროფესიით მეზღვაური იყო. სასტუმრო ლეოგრანდის ხანძრის მსხვერპლს მეუღლე და ერთი წლის შვილი დარჩა.

დავით ქამადაძე

დავით ქამადაძე სამი შვილის მამა იყო. 36 წლის მამაკაცი, სასატუმროს ფიტნეს კლუბში პერიოდულად დადიოდა.

დავით ქამადაძე ბათუმის სამშობიარო სახლში მუშაობდა.

 

მიშკა ქავჟარაძე
მიშკა ქავჟარაძე სპორტსმენი იყო. როგორც ახლობლები ამბობენ, ბავშვობაში სიმღერითაც იყო გატაცებული.

მიშიკო ქავჟარაძეს ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 სკოლა ჰქონდა დამთავრებული, ისევე როგორც დაღუპულებიდან ორს: გიორგი ცინცაძესა და ნუკრი ჩანჩიბაძეს.

 

ნუკრი ჩანჩიბაძე

ნუკრი ჩანჩიბაძეც მეზღვაურია. ის და დაღუპული მიშკა ქავჟარაძე კლასელები იყვნენ. ნუკრის მეუღლე და შვილები არ ჰყავს.

მათზე ბიჭების პირველი მასწავლებელი ნანა მჟავია წერს:

სოციალურ ქსელში ვრცელდება ნუკრი ჩანჩიბაძის წაკითხული ლექსიც:

 

 

დავით ლორთქიფანიძე

ბათუმის სასტუმროში მომხდარ ხანძარს,,ქართული იდეა”-ს აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი  დავით ლორთქიფანიძე შეეწირა.

 

სიამაქ ზარეი

სიამაქ ზარე ბიზნესმენი იყო და საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია მისი ძმისგან გავრცელდა, რომელიც საქართველოში ზარეის გადასასვენებლად ჩამოვიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები