LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომში გარდაცვლილი ჯარისკაცის დედა არ მათხოვრობს – თავდაცვის სამინისტრო სინჯიკაშვილის პოსტზე

53

აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ აგვისტოს მოვლენების დროს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის დედა მოწყალებას ითხოვს, სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს.

თამარ გორთამაშვილის თქმით, აკა სინჯიკაშვილის მიერ დასახელებული პირი, ლევან თეთვაძე 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურე არ არის და აღნიშნული სახელის და გვარის პიროვნება თავდაცვის სამინისტროს ბაზაში საერთოდ არ ფიქსირდება, შესაბამისად ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არასოდეს მსახურობდა.

„საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან ყოველთვიურ კომპენსაციას იღებენ, რომელიც 1000 ლარით განისაზღვრება,“წერს გორთამაშვილი „ფეისბუქზე“.

აკა სინჯიკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც, მისი ინფორმაციით, გარდაცვლილი ჯარისკაცის დედაა.

„ეს 2008 წელს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული ჯარისკაცის, ლევან თეთვაძის დედაა. წუხელ ვიპოვეთ ქუჩაში. მოწყალებას ითხოვს, რომ სამი ბავშვისთვის საჭმელი და წამლები იყიდოს.  200 ლარს იხდიან რაღაც ოთახში, ისიც უკვე რვა თვეა, ვერ გადაიხადა და შეიძლება, ქუჩაში დარჩნენ. სასწრაფოდ არიან მისახედები და ვუშველოთ რა.

ქვეყნისთვის გაწირული გმირის ოჯახი ქუჩაში მოწყალებას არ უნდა ითხოვდეს, ვისაც რა შეგვიძლია, მივეხმაროთ რა და დღესვე მივალ ისევ ,“ – დაწერა სინჯიკაშვილმა, თუმცა პოსტი ცოტა ხნის წინ წაშალა.