ოპერაციები, რომლის გამოც ქართული კლინიკებიდან პაციენტები თურქეთში გადაჰყავთ, საქართველოშიც ტარდება

1760

გადაცემას ”სტუმრად ექიმთან” თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი, ნეიროქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი  ედიშერ მაღალაშვილი ესტუმრა.

რა კონკრეტული ჩივილების შემთხვევაში უნდა მიმართოს პაციენტმა ნეიროქირურგს?

ძალიან დიდია იმ პათოლოგიების ნუსხა, რომელიც ნეიროქირურგის მკურნალობის ქვეშ ხვდება, ეს არის თავისა და ზურგის ტვინის სხვადასხვა პათოლოგიები, ხერხემლის სვეტის დაავადებები. თანამედროვე ნეიროქირურგია ძალიან განსხვავდება თუნდაც 30-40 წლის წინანდელი ნეიროქირურგიისგან. დღეს ძალიან ფართოდ არის განვითარებული ფუნქციონალური ნეიროქირურგია, რომელიც პაციენტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. ნევროლოგიური სიმპტომატიკა ძალიან დიდია, ის შეიძლება იყოს დაკავშირებული მეხსიერებასთან, წერასთან, ანგარიშთან. ასევე შეიძლება იყოს თავის ტკივილი, თავბრუს ხვევა, გულისრევა. ხანდახან დაბუჟების სიმტომები… ზოგჯერ გამორიცხვის მეთოდიც ძალიან სასარგებლოა… ყველაზე ხშირია ზურგის ტვინის დეგენერაციული პათოლოგიები, დისკის თიაქრები, მარილების დაგროვება, რასაც რადიკულიტს ეძახიან. 2009 წელს დავბრუნდი საქართველოში და ამ რვა წლის განმავლობაშიც კი იმდენად დინამიური განვითარება განიცადა ქართულმა მედიცინამ, ამის არშემჩნევა შეუძლებელია. იდეალური მედიცინა არ არსებობს, ყოველდღიურად უფრო და უფრო უმჯობესდება, ზეგინდელი მედიცინა უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე გუშინდელი და დღევანდელი.

ხშირად გვესმის ხოლმე სხვადასხვა ექიმებისგან, რომ ადრეული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, არის თუ არა ასე ნეიროქირურგიაშიც?

არა მარტო დიაგნოსტიკა, არამედ დროულად მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო არის უნიკალური ქვეყანა, სადაც პაციენტს დასმული აქვს დიაგნოზი და მას ეშინია მკურნალობის დაწყება. თანამედროვე გადმოსახედიდან საერთოდ არ არის ჩივილი საჭირო იმისთვის, რომ მივიდეთ ექიმთან. მიმუშავია ევროპის, ამერიკის, რუსეთის სხვადასხვა კლინიკაში, სადაც გარკვეული ასაკის შემდეგ წელიწადში ორჯერ პროფილაქტიკური გამოკვლევა ჩვეულებრივი რამ არის. საქართველოში უნდა გაიზარდოს კომუნიკაცია ექიმებსა და პაციენტებს შორის. საქართველოში ბევრი რამ კეთდება არასწორად, უნდა გვახსოვდეს 90-იანი წლები, როდესაც ბევრად უარესი მდგომარეობა იყო მედიცინაში და უნდა ვიცოდეთ, სად მივდივართ ხვალ.

რამდენად იმატა პაციენტების მომართვიანობამ, რა მეთოდებზეა საუბარი, როგორი შედეგებია…

პაციენტების რაოდენობამ მოიმატა, მაგრამ ეს ავადობის მატებას არ ნიშნავს. გაიზარდა დიაგნოსტიკური პარკი და შესაბამისად გაიზარდა პაციენტების რაოდენობაც. ჩვენი განყოფილება ლიდერია ამ კუთხით და ჩვენთან ბოლო პერიოდში ყველაზე მეტი ნეიროქირურგიული ჩარევა განხორციელდა საქართველოში. ჩვენთან არის დიდი გუნდი, რომელიც ერთმანეთს ზურგს უმაგრებს. რა თქმა უნდა ვერ ვფარავთ ოპერაციების სრულ სპექტრს, თუმცა ყოველდღიურად ვიზრდებით და ვაუმჯობესებთ ჩვენი მკურნალობის ხარისხს. ქართულ სამედიცინო საზოგადოებას გვაკლია კონსოლიდაცია, სუფთა ნეიროქირურგიული პაციენტები, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით, საქართველოდან ისე გადაფრინდნენ, რომ ჩვენი გუნდის წამყვანი ნეიროქირურგები არც კი მიუწვევიათ კონსულტაციისთვის. არ ვიცი რატომ ხდება ასე… ოპერაციების სპექტრს რაც შეეხება, პრაქტიკულად მთელს სპექტრს ვფარავთ, დარჩენილია ძალიან მცირე ნაწილი უკიდურესად ძვირადღირებული ოპერაციების, რომლებიც ჯერჯერობით ქვეყნის ფინანსურ ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე ვერ დავძლიეთ. დარწმუნებული ვარ უახლოეს მომავალში ამ საკითხსაც გადავჭრით.  რაც შეეხება კონკრეტულად თუ რა სახის ოპერაციებს ვაკეთებთ, ეს არის ენდოსკოპიური ტრანსნაზალური ოპერაციები, თავის ტვინის სიმსივნეები, რომელსაც მე და ჩემი გუნდი ვაკეთებთ ცხვირიდან ენდოსკოპის მეშვეობით და ეს მეთოდი დღესდღეობით მსოფლიოში ოქროს სტანდარტად არის აღიარებული გარკვეული დაავადებების მკურნალობის დროს. ჩვენ ამ ოპერაციებს ძალიან ხარისხიანად ვაკეთებთ, ამის დასტურად გეტყვით, რომ ქალაფუძის მსოფლიო ენდოსკოპიურ კონგრესზე პირადად მე გარკვეული ჯილდო მაქვს მიღებული, ამომავალი ვარსკვლავის ნომინაციაში ვარ მოხვედრილი, მსოფლიოს მასშტაბით ათეულში მოვხვდი. დღეისათვის ამ მეთოდით 127 ოპერაცია გვაქვს ჩატარებული.  უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან გავრცელებულია საქართველოში ჰიპოფიზის ადენომები და მნიშვნელოვან სეგმენტს ვფარავთ. ასევე აღსანიშნავია ინტრაოპერაციული ნეიროფიზიოლოგიური მონიტორინგი, მარტივად რომ ვთქვათ, თავის ტვინი არის ელექტრონულ იმპულსებზე აწყობილი ორგანო, ანუ ის რასაც ჩვენ ნერვულ იმპულსს ვეძახით, სინადვილეში არის ელექტრონული დენი რომელიც გენერირდება და თავის ტვინის გამტარი გზებით ტარდება. მაგალითად, ზურგის ტვინის ერთ-ერთი ფუნქცია არის მისი გამტარებლობითი ფუნქცია. უხეშად რომ ვთქვათ, ეს არის ”კაბელი”, რომელიც აკონტაქტებს თავის ტვინს დანარჩენ სხეულთან. ჩვენ შეგვიძლია თავის ტვინში გამოვიწვიოთ პოტენციალი, ხოლო კიდურებში ჩავიწეროთ ეს პოტენციალი, ოპერაციის დასაწყისში გავზომოთ იმპულსის დონე და ასე ვთქვათ ონლაინ მონიტორინგი ჩავატაროთ. რაში შეიძლება ეს მეთოდი გამოვიყენოთ? ზურგის ტვინის კისრის სეგმენტის სიმსივნის სტანდარტული გართულება არის კიდურების უმოძრაობა. ჩვენ შეგვიძლია ზურგის ტვინის გამტარებლობითი ფუნქცია შევამოწმოთ, გავზარდოთ სიმსივნის რეზექციის ხარისხი, გვქონდეს ობიექტური მეთოდი სად დამთავრდა სიმსივნე და სად დაიწყო ზურგის ტვინის გამტარებლობითი პირამიდული გზა ხელამდე, ფეხამდე, იმისათვის რომ ოპერაცია ჩატარდეს პაციენტის მინიმალური ინვალიდიზაციის ალბათობამდე. მთელი სპექტრია ოპერაციების, რაშიც გამოიყენება ეს მეთოდი, მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციებშიც. მე უშუალოდ არ ვმონაწილეობ ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციებში, თუმცა ჩვენს კლინიკაში ბატონი მამუკა გონჯილაშვილი აკეთებს ამ ოპერაციას, ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ ამ სფეროში ნებისმიერ ქართულ კლინიკასთან თანამშრომლობაში. დათვილი მაქვს და ამ მეთოდით წელიწადში 13 -15 000 ოოპერაცია უნდა კეთდებოდეს. ეს ძალიან დიდი ოდენობაა და რა თქმა უნდა ფიზიკურად ვერ მივიღებ 15 000 ოპერაციაში მონაწილეობას. როგორც ექიმს, ჩემს ვალად მიმაჩნია, რომ სხვადასხვა კლინიკებში ეს მეთოდიკა დავნერგოთ, გადავამზადოთ კადრები, მივეხმაროთ აპარატურის შეძენაში. ამისი კარგი მაგალითია ”მედი ქლაბ ჯორჯია,” რომელმაც შეიძინა საკუთარი აპარატურა, მოიყვანა საკუთარი ნეიროფიზიოლოგიური კადრები, მიმიწვიეს მე და ვასწავლეთ ტექნიკის გამოყენება. ჩატარდა პირველი ოპერაციაც. 13 წლის გოგონას ჰქონდა სქოლიოზი, ოპერაცია გააკეთა ტრისტან ნიშნიანიძემ და ჩვენ ჩვენი ნეიროფიზიოლოგიური წვლილი შევიტანეთ.

არ შემიძლია არ გკითხოთ ბავშვებზე, რა არის მიზეზი იმისა, რომ მოიმატა პატარებში სიმსივნეების რაოდენობამ?

გაიზარდა ინფორმაციის გაცვლის დონე, თუმცა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, გარემოს დაბინძურების მიხედვით, ლიდერი ქვეყანა ვართ. დიდი ხნის განმავლობაში ნაკლებად ვერეოდით ბავშვებში. აქტიურად დავიწყეთ სხვადასხვა ნეიროქირურგიული პათოლოგიის მკურნალობა ბავშვებში. ამჟამად ჩვენთან წევს 14 წლის გოგონა, რომელსაც ჩავუტარე ურთულესი ოპერაცია პინეალური მიდამოს სიმსვნის გამო, წარმატებულად ჩაიარა ოპერაციამ. აი ახლა ჩემი ერთი მეგობარი, ძალიან ხარისხიანი ნეიროქირურგი, საუბრობს იმაზე, რომ ერთ-ერთ ლიცენზირებულ კლინიკაში მიიყვანეს პაციენტი, რომელსაც ანალოგიური პათოლოგია ჰქონდა და აქტიური საუბარი მიდის იმაზე, რომ პაციენტი გადაიყვანონ თურქეთში. ურჩევნიათ პაციენტს უთხრან, რომ საქართველოში არ კეთდება ოპერაცია და გაუშვან თურქეთში, ვიდრე თქვან ის, რომ აი ჩვენს გვერდით კლინიკაში ვიღაც ჩვენზე უკეთ აკეთებს. ეს ალბათ კონკურენციის შემადგენელი ნაწილია, თუმცა უნდა არსებობდეს რეგულატორი და ეს უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტრო. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ ჩვენი ჯიბის ხარჯზე, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, მიფრინავდნენ პაციენტები იმავე ოპერაციის გასაკეთებლად, რაც საქართველოში კეთდება. სამედიცინო საზოგადოებაში ძალიან არაჯანსაღი გარემოა, პირდაპირ ვამბობ, სავსეა სისტემა უნამუსო ექიმებით. უნდა აღინიშნოს საყოველთაო ჯანდაცვა, რომელმაც ძალიან დადებითი როლი ითამაშა ბოლო 5 წლის განმავლობაში, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის შემოღებიდან იგივეა დღეს – ფასები, მიდგომა… ჯანდაცვა იხვეწება მუდმივად. ჩემი გადმოსახედიდან, ჯანდაცვის სამინისტროს ქმედებები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. საჭიროა სამინისტროს ბიუროკრატიულ თანამშრომლებსა და ექიმებს შორის მუდმივი აქტიური საუბარი. აბსოლუტურად არ თანამშრომლობს ჩვენთან ჯანდაცვის სამინისტრო. არანაირ დიალოგში არ შემოდის, არჩევენ სხვა კლინიკებს, სხვა ექიმებს. პაციენტები ჩვენ გვირჩევენ ათწლეულებია მაგრამ ვერ მივედით იქამდე, რომ აგვირჩიოს ჯანდაცვის სამინისტრომ.

შედეგებზე მინდა გკითხოთ, ვსაუბრობთ რთულ ოპერაციებზე, რამდენად აღმოფხვრადია ეს პრობლემები?

გამარჯვებების გვერდით ყოველთვის არის დამარცხებებიც და ამისი ანალიზი მუდმივად ხორციელდება. კონკრეტულად ჰიპოფიზის ადენომების ენდოსკოპიურ მკურნალობაში ავღნიშნე, რომ ქალა ფუძის ენდოსკოპიური ნეიროქირურგიის მსოფლიო კონგრესზე აღინიშნა ჩვენი დამსახურება. ვცდილობთ, ხარისხის დონე მაქსიმუმზე შევინარჩუნოთ, თუმცა შეიძლება დღესაც ჩავატაროთ ისეთი ოპერაცია, რომლის მიმართაც ხვალ და ზეგ შეხედულებები შეგვეცვალოს. ჩვენთან ბავშვები ერთეული შემთხვევაა და 2016 წელს მაქსიმუმ 20 პაციენტი იყო ბავშვებს შორის ჩატარებული 950 ოპერაციიდან. გულწრფელად ვამბობ, არ შემიძლია არ ავღნიშნო თურქი ექიმების პროფესიონალიზმი.დღეს ჩვენ თბილისში ვფლობთ მეთოდიკას, რომლითაც წელიწადდში 13 000 ოპერაციის ხარისხი შეგვიძლია გავზარდოთ, შევამციროთ ინვალიდიზაცია, შევამციროთ საწოლდღე, ჯანდაცვის სამინისტრო ამ მეთოდის წინ წაწევაში საერთოდ არ გვეხმარება. თუმცა, მაინც მჯერა, რომ ხარისხი გაიმარჯვებს, ჯანდაცვის სისტემა მაინც ფორმირების პროცესშია. არიან კლინიკები, რომლებიც პრინციპულად არ გვიშვებენ არც ჩვენ, არც სხვა სპეციალისტებს. ჩვენი კლინიკა აბსოლუტურად ღიაა ნებისმიერი სპეციალისტის მისაღებად.

ანევრიზმა – ეს დიაგნოზი გვესმის ხშირად, კონკრეტულად რა არის ეს და როგორ ვითარდება?

უეცრად სკდება… კანადასა და ამერიკაში 8 500 პაციენტში ჩატარდა კვლევა იმის დასადგენად, თუ რამდენად ხარჯეფექტურია ყველა ადამიანს ჩაუტარდეს ანევრიზმაზე კვლევა, რომ გახეთქვამდე ხდებოდეს მისი აღმოჩენა, მაგრამ გაირკვა, რომ ეს არ არის ხარჯეფექტური ჯანდაცვის სისტემისთვის და სახელმწიფომ ის არ უნდა დააფინანოს. ანევრიზმას სტანდარტული კვლევები არ ავლენს, უნდა ჩატარდეს სპეციფიური, ანევრიზმაზე მიმართული კომპიუტერულ ტომოგრაფიული და მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიული კვლევები, ამის გარდა აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული, რომ ეს კვლევები გარკვეულ პერიოდში ერთხელ უნდა მეორდებოდეს. დღეს შეიძლება არ იყოს და ზეგ შეიძლება გასკდეს. ანევრიზმას წინასწარ განწყობა აქვს გენეტიკური, ამიტომ, მიიჩნევა, რომ 35 წელს ზემოთ პირველი მუხლის ნათესავები უნდა იტარებდნენ კვლევას 5 წელიწადში ერთხელ. ძალიან ვერაგი დაავადებაა. თუ ანევრიზმა დიაგნოსტირებულ იქნა მის გახეთქვამდე, მაშინ ნეიროქირურგიული მკურნალობის შედეგად გართულება ნულთან ახლოს არის. ვიკიპედიაში ამერიკული სტატისტიკის მიხედვით ანევრიზმის პირველადი გახეთქვის შედეგად იღუპება 50%, ქართულ რეალობაში ეს ციფრი გაცილებით მაღალია. დღესდღეობით ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჰაიდლაინით, რომელიც შარშანწინ არის გამოცემული, ახლა ის ისევ ცვლილების პროცესშია. მას შემდეგ, რაც დავბრუნდი საქართველოში, მივხვდი, რომ აქ უფრო უარესი შედეგი გვქონდა, ვიდრე თუნდაც რუსეთში… მინდა ავღნიშნო, რომ გაცილებით უფრო ”უხარისხოა” პაციენტი ჩვენთან, ნაკლები ფიზიკური აქტივობა, ნაკლები ვარჯიში, მეტი სიგარეტი, ალკოჰოლი, ეს ყველაფერი დღეს შეიძლება ადამიანს არ აღელვებს, მაგრამ როდესაც ანევრიზმასთან გვაქვს საქმე, შედეგს გაცილებით აუარესებს.

ხშირად საუბრობთ მედიცინის, მეთოდების, ხარისხის გაუმჯობესებაზე, თუ მუშაობთ ამ ეტაპზე რაიმე სიახლეზე?

ეს მუდმივი, ყოველდღიური პროცესია. გვაქვს ჩამოყალიბებული ჯგუფები და გვინდა ჩვენი ხედვა შევთავაზოთ ჯანდაცვის სამინისტროს. რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს, გვინდა კოლოსალური გარღვევა გავაკეთოთ ქართულ მედიცინაში, დიდ რეორგანიზაციას და რეფორმების დიდ სერიას ვგეგმავთ კლინიკის მასშტაბით. უახლოეს მომავალში ინსულტის მკურნალობის სხვა ეტაპზე გადავალთ. აქ საუბარია არა მხოლოდ იშემიურ, არამედ ჰემორაგიულ ინსულტზეც.  მსოფლიო მედიცინა ძალიან ინტენსიურად ვითარდება, ფენომენალური პროგრესის ეპოქაში ვცხოვრობთ, ნეიროქირურგია ძალიან ტექნოლოგიურია, აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. ამ ყველაფერს დიდი რესურსი სჭირდება და რამდენად შეძლებს ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვა ამის დაფარვას, ეს ცალკე საკითხია.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები