LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპერის ევროპული დღეები საქართველოს სახელმწიფო ოპერაში

65

6 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის წითელ დარბაზში,   ოპერის ევროპულ დღეებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციას დაესწრებიან: საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი, საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი, საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი რუსუდან მაცაბერიძე (პროექტის ხელმძღვანელი), ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი.

6, 7 და 8 მაისს საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრი,  40 ქვეყნის სხვადასხვა წამყვანი საოპერო თეატრების მსგავსად, ოპერის ევროპულ დღეებს აღნიშნავს. ოპერის ევროპული დღეები წელს მეათედ გაიმართება სლოგანით – „მსოფლიოს თეატრი“. მუსიკას შესწევს ძალა ესაუბროს ყველას ბარიერების გარეშე –  ნაციონალური თუ კულტურული განსხვავებების მიუხედავად.

ამ დღეების ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში, 6 და 7 მაისს გაიმართება ექსპოზიცია „საქართველო – ოპერა – ევროპა“, კოსტიუმირებული პერფორმანსი ოპერის თეატრის წინ, ასევე ოპერის ბავშვთა გუნდის აქცია-კონცერტი „ოპერა ყველასთვის“. 8 მაისს, დღისით, ბავშვთა გუნდი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის მიერ რიყეზე ორგანიზებულ კონცერტში. ხოლო საღამოს, 20.00 საათზე,  ევროპის დღის აღსანიშნავად, ოპერაში გაიმართება ევროკავშირის წარმომადგენლობისა და საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის ერთობლივი გალა-კონცერტი, რომელიც ასევე გადაიცემა თეატრის წინ დამონტაჟებულ ეკრანზე.

გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის ორკესტრი, გუნდი და სოლისტები: ხათუნა ჭოხონელიძე, მარიკა მაჩიტიძე, კახაბერ თეთვაძე, ირინე რატიანი, ოთარ ჯორჯიკია, თეა დემურიშვილი, ნიკოლოზ ლაგვილავა. დირიჟორი დავით კინწურაშვილი. საღამოზე, რომელსაც საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები გახსნის, შესრულდება ფრაგმენტები ფალიაშვილის, ლაღიძის, მოცარტის, ვერდის, გუნოს, ვაგნერის, პუჩინის, ჩილეას და ჯორდანოს ოპერებიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები