LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპერისა და ბალეტის თეატრში ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“ აღდგება

98

15 თებერვალს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში განახლებული ახალგაზრდული კლუბის „ლატავრა“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე, საბალეტო დასის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები და სტუდენტები დაესწრნენ.

ახალგაზრდულ კლუბში გაწევრება 15-დან 25 წლამდე ნებისმიერ ახალგაზრდას შეეძლება. წევრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ სხვადასხვა პრივილეგიით. წევრები მიიღებენ სპეციალურ ფასდაკლებას მიმდინარე სპექტაკლების ბილეთებზე; დაესწრებიან ორკესტრისა და გუნდის, ასევე სადადგმო და გენერალურ რეპეტიციებს; შეხვდებიან სამხატვრო ხელმძღვანელს, სადადგმო ჯგუფის წევრებს, მუსიკოსებს, მოცეკვავეებს, მსახიობებს. ახალგაზრდები ჩაერთვებიან თეატრის სოციალურ პროექტებში და იქნებიან კლასიკური ხელოვნების ერთგვარი ელჩები. „ლატავრა“ ახალგაზრდული კლუბების ევროპული გაერთიანების Juvenilia-ს წევრია, რაც კლუბის წევრებს საერთაშორისო ღონისძიებებში ჩართვის საშუალებასაც მისცემს.

ახალგაზრდულ კლუბ „ლატავრა“-ს, ოპერისა და ბალეტის თეატრის საერთაშორისო ურთიეთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, რუსუდან მაცაბერიძის ინიციატივით, 2006 წელს ჩაეყარა საფუძველი. 2007 წლის სექტემბერში, კლუბის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საბინ ბროიერი, კლუბების ევროპული გაერთიანების Juvenilia-ს პრეზიდენტი, Opera Europa – ს მენეჯერი ოდრი ჯანგერსი, ასევე ახალგაზრდული კლუბის წევრები სხვადასხვა ქვეყნიდან. თეატრის სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე კლუბი ლატავრა წარმატებით მუშაობდა. მისი წევრები მონაწილეობდნენ როგორც სოციალურ პროექტებში, ასევე ოპერის ევროპული დღეების ორგანიზებაში.

პროექტი ხორციელდება “სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის რეგიონული პროექტის” ფარგლებში, რომლის მართვას უზრუნველყოფს კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია სამხრეთ კავკასიის შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) ფინანსური მხარდაჭერით.