LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიცია დაკავებისას გარდაცვლილი მამაკის საქმესთან დაკავშირებით შს მინისტრს პარლამენტში იბარებს

50

საპარლამენტო ოპოზიცია შსს მინისტრის დაბარებას გეგმავს. პოლიტიკოსებს კითხვები გიორგი მღებრიშვილთან, დაკავებისას გარდაცვლილი მამაკაცის საქმესთან დაკავშირებით აქვთ და დამატებით განმარტებებს ითხოვენ.

დეპუტატების შეფასებით, მომხდარი სისტემური პრობლემის შედეგია და ამაზე პასუხისმგებლობა ხელმძღვანელ პირებს უნდა დაეკისროთ.

„ჩვენ დავსვამთ საკითხს, რომ მოვიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა პარლამენტში და გასცეს პასუხი იმ შეკითხვებს, რომელიც აქვს საზოგადოებას. ცხადია, ჯოხი არ უნდა გადავტეხოთ რიგით შემსრულებლებზე. ცინიკურად ყველაფრის გადაბრალება მსხვერპლზე, არის სრულიად გაუმართლებელი,“ – განაცხადა „ენმ“-ის წევრმა გიორგი ბარამიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურამ პასუხი უნდა გასცეს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა რეალურად. გიგი წერეთელი მიუთითებს რომ უნდა არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები და ვიდეოჩანაწერები.

„თუ არ იქნა ინფორმაცია, რა თქმა უნდა, იქნება მოთხოვნაც, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, სხვა ოფიციალური პირები პარლამენტშიც მოვიდნენ და საზოგადოებას გააცნონ რაშია საქმე,“ – აცხადებს წევრი გიგი წერეთელი.

 

მმართველი გუნდი კი, პატრულის მხრიდან ძალის გადამეტებას გამორიცხავს და უბედურ შემთხვევაზე საუბრობს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის დავით მათიკაშვილის ინფორმაციით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და მოწმეები დაიკითხნენ.

„მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აქ პასუხგაუცემელი კითხვები არ იქნება და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. რაც შეეხება შს მინისტრის პარლამენტში დაბარების თემას, გამოძიების ეტაპზე მე ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ,“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე 32 წლის მამაკაცი ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. აღნიშნულზე შსს-მ განცხადება გაავრცელა.