LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიცია საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილს განიხილავს – მანანა ნაჭყებია

44

“ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია ადასტურებს, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტია საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთ-ერთ კანდიდატად საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. ნაჭყებიას თქმით, ძირითად არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციურ სპექტრს შორის კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით. ნაჭყებიას განცხადებით, ოპოზიციური პარტიები ამ საკითხზე თავად პრეზიდენტ მარგველაშვილთან გეგმავენ შეხვედრას.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანდიდატი უნდა იყოს ზეპარტიული. საქართველოში სამწუხაროდ, პრაიმერი, ერთიან პარტიულ კანდიდატზე შეთანხმება არ გამოდის და არც გამოსულა არასდროს. კანდიდატი, რომელიც არ იქნება არც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, იქნება ბევრად უფრო მისაღები. ერთ-ერთ ასეთ კანდიდატად განიხილება გიორგი მარგველაშვილი. მარგველაშვილი თავიდან აირჩიეს როგორც „ოცნების“ კანდიდატი, მაგრამ შემდეგ მან შეძლო დამოუკიდებლობის შენარჩუნება, ბევრ საკითხში გვიჩვენა სერიოზული პრინციპულობა. რაც ყველაზე მთავარია, ამ ადამიანს ესმის რას ნიშნავს დემოკრატია და ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი. ჯერჯერობით, ჩემი ვარაუდით, და მისი ინტერვიუებიდან გამომდინარე, გიორგი მარგველაშვილი არ არის ჩამოყალიბებული აპირებს თუ არა კენჭისყრას, მაგრამ თუ ის კენჭს იყრის, კარგი იქნება ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის. სხვა რესურსი ზეპარტიული კანდიდატის არის ალბათ არასამთავრობო სექტორში. მთავარია, რომ ადამიანს, რომელიც პრეზიდენტი შესაძლოა გახდეს, ჰქონდეს ელემენტარული გამოცდილება და პოლიტიკური ცოდნა. მოლაპარაკებებში მონაწილეობენ ძირითადი სპექტრი ოპოზიციური პარტიების, მათ შორის – საპარლამენტო“, – განაცხადა ნაჭყებიამ.

პოპულალურები