LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციის გაერთიანების მორიგი მცდელობა – მისაღებია თუ არა სააკაშვილის ინიციატივა

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, შეთავაზება ერთიანი ოპოზიციისათვის, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის წარსადგენად გაერთიანდნენ, მისაღები მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ აღმოჩნდა. დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს უარისთვის განსხვავებული არგუმენტები აქვთ, მთავარი  ის არის, რომ ოპოზიცია ერთიანობისთვის არც ამჯერად არის მზად.  საბოლოოდ კი  ამ ყველაფერს რა შედეგი ექნება, ანალიტიკოსებს ამაზე საუბარი ჯერჯერობით უჭირთ.

 

სააკაშვილის შეთავაზება

საქართველოში მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრაიმერისი უნდა გამართოს და ამ უკანასკნელის წესებზე ყველა დანარჩენთან ერთად უნდა შეთანხმდნენ. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციასთან ერთად ერთიანი კანდიდატი უნდა დააყენოს. 

„არანაირი ცალკე პარტიული კანდიდატი ეფექტური არ იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მის შეთავაზებაში მთავარი აქცენტი დასავლური ორიენტაციის პარტიებზე გაკეთდა და ცხადია, გაერთიანებაში აპრიორი ეს კატეგორია მოიაზრება, რადგან  პრორუსულ პარტიებთან გაერთიანება  მათთვის ყველანაირად წამგებიანია და არც წავლენ ამაზე.

სააკაშვილის შეთავაზება, ფაქტობრივად,  ოპოზიციის საარჩევნოდ გაერთიანებას გულისხმობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარი პოლიტიკური ამბიციები უნდა დათმონ და ხელისუფლების დასამარცხებლად ძალები გააერთიანონ. ამას კი თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს.

მთავარი დადებითი ასპექტი ისა, რომ ოპოზიციის ხმები, ერთი შეხედვით, აღარ იქსაქსება და თითქოს გაერთიანებულმა ხმებმა ხელისუფლების დამარცხება უნდა შეძლოს. თუმცა, გაერთიანების შემთხვევაში, ხმების მარტივად დაჯამება არ ხდება და გასათვალისწინებელია, რომ შესაძლოა, ამით ხმების გარკვეული რაოდენობა საერთოდ დაიკარგოს, რადგან ოპოზიციის ამომრჩეველს შესაძლოა, გაერთიანებაში მყოფი რომელიმე პარტია არ მოსწონდეს და საერთოდ არჩევნებზე აღარ მივიდეს, ან მივიდეს და არჩევანი სხვის სასარგებლოდ გააკეთოს. თუმცა, მეორე მხრივ, შესაძლოა, გაერთიანების მომენტმა უფრო ოპტიმისტური განწყობებიც გააძლიეროს და იმ კატეგორიის ხმებიც მიიზიდოს, რომელიც აქამდე არჩევნებზე მისვლას ან რომელიმე ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერას არ აპირებდა.

გარდა ამისა, პრობლემურია თითოეული პარტიის პოლიტიკური ამბიციებიც, რადგან გაერთიანების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, უმეტესობას ლიდერად სხვისი აღიარება მოუწევს, რაც ქართული რეალობიდან გამომდინარე ძალიან ძნელი მისაღწევია.

ოპოზიციის გაერთიანების საკითხი ქართულ რეალობაში ახალი არ არის და ყველა ხელისუფლების დროს რაღაც პერიოდში განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს. ასე იყო შევარდნაძის მმართველობის დროსაც და შემდეგ უკვე სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში. 2007 წლიდან ოპოზიციას გაერთიანების რამდენიმე მცდელობა ჰქონდა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი 2008 და 2012  წელს საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანება იყო, როდესაც პირველ ჯერზე ოპოზიციამ მიზანს გაერთიანებითაც ვერ მიაღწია და საბოლოოდ უარესი პროცესები განავითარდა, რადგან ლამის ოპოზიციის მარგინალიზაცია მოხდა. 2012 წელს კი ოპოზიციამ უკვე ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამო, გამარჯვება მოახერხა, რაც, ცხადია, ზოგადად ოპოზიციის გაერთიანებაზე გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა.  ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც ის არის, ეს დასკვნები იქნება თუ არა ახლა გათვალისწინებული და საბოლოოდ მოახერხებს თუ არა ოპოზიცია გაერთიანებას და საბოლოოდ რა შედეგები ექნება ოპოზიციის ქმედებებს.

 

ყოფილი პრეზიდენტის საპრეზიდენტო იდეების მომხრეები

გასაკვირი არ არის, რომ ყოფილი პრეზიდენტის იდეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ მისაღებია. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა რურუას, განცხადებით, სააკაშვილის ეს მოსაზრება „ცუდი აზრი ნამდვილად არ არის.“ 

„უფრო მეტიც, მისაღებია, ოღონდ ეს უნდა მოხდეს ისეთი პროცესის შედეგად, რომელიც თავისთავად სასარგებლო იქნება ყველაზე ძლიერი კანდიდატის შერჩევისთვის, მაგალითად, პრაიმერისის თვალსაზრისით,“ – უთხრა „ფორტუნას“ ნიკა რურუამ.

რურუა ამბობს, რომ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ოპოზიციური პარტიების  ერთ რომელიმე კანდიდატზე შეჯერება საკმაოდ რთული საკითხია.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ექსპრეზიდენტის მოსაზრებას  „რაციონალური აზრს“ უწოდებს და მოხარულია, რომ ის ინიციატივა, რომელიც, მისივე თქმით, პრაიმერისთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ერთი წლის წინ პარტია „ახალ საქართველოს“ ჰქონდა, დღეს აქტუალური ხდება. გიორგი ვაშაძის თქმით, ამ იდეის მოწინააღმდეგე ახლა მხოლოდ ორი ოპოზიციური პარტია იქნება.

„ვფიქრობ, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ამ ყველაფრისთვის მომწიფებულია. ახლა ორ ძალას ექნება მაქსიმალური მცდელობა, რომ ეს ყველაფერი ჩაშალოს. ეს არის „პატრიოტთა ალიანსი“, რომელსაც სულ სხვა დანიშნულება აქვს და ეს არის „ევროპული საქართველო“, რომლის დანიშნულებაც არის, იყოს  ლიდერი ოპოზიციაში და არა ის, რომ  გაიმარჯვოს არჩევნებში და მოვიდეს ხელისუფლებაში.  როგორც კი ისინი ამას გადაწყვეტენ, შესაძლოა, ამ პოლიტიკურმა ძალამ აღარც კი იარსებოს. მთავარია, რომ რაციონალური აზრი იმარჯვებს და ოპოზიციის  ეს ერთობა აუცილებლად შედგება, როგორც ვანის არჩევნებისთვის, ასევე საპრეზიდენტო და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

იდეის მოწინააღმდეგეთა არგუმენტები

„გადაგვარებული ლიდერის ურთიერთგამომრიცხავი აზრების ბოდვა“ – ასე უწოდა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას. გიგა ბოკერიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები მათი თანამშრომლობის შესაძლებლობას ამცირებს. 

„თან საპრეზიდენტო არჩევნების მზადებისკენ მოგვიწოდებს, თან იძახის არჩევნებით ივანიშვილის დამარცხებას აზრი არ აქვს, ეგ არ გამოვაო. თან ერთიანობაზე საუბრობს, თან ბინძურ ცილისწამებას აგრძელებს „ასავალ-დასავალის“ თვითონ „ქართული ოცნების“ სტილში. თან იძახის, რომ მე თუ ქართულ ციხეში აღმოვჩნდიო, რაც მე პირადად დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოხდება, მაშინ ივანიშვილის რეჟიმი დასრულდებაო. ესე იგი, ქართველი ხალხი იტანს ქვეყნის დანგრევას 5 წელია, უბრალოდ მის დაჭერას ვერ აიტანს. ეს რა ლოგიკაა?“ – ამბობს გიგა ბოკერია.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის შეფასებით, სააკაშვილის დამოკიდებულება თანამშრომლობის შესაძლებლობას ასუსტებს. ბოკერიას თქმით,  „ეს თანამშრომლობა ვერ იქნება სააკაშვილის ფიგურის გარშემო თანამშრომლობა.

                          ფინანსური არგუმენტი

„რესპუბლიკური“  პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის, შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ქართულ პრობლემატიკას ძალიან არის დაშორებული და, მისივე თქმით, იგი აბსოლუტურად არაადეკვატურად საუბრობს. ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, უპირველეს ყოვლისა, ფინანსური პრობლემების გამო არის შეუძლებელი, რომ საქართველოში ოპოზიციამ ერთიანი კანდიდატი წარადგინოს. 

„ქართული პრაიმერისი შეუძლებელია იმიტომ, რომ პირველი მიზეზია – ვინ დააფინანსებს? ყველა ტირის, რომ ფული არ აქვს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობაც“. მრავალპარტიული პრაიმერისი რა ეღირება, იანგარიშა სააკაშვილმა? სააკაშვილს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რას ლაპარაკობს. ეტყობა, მას სხვა პრობლემები აქვს, მას უკრაინაში ყოფნის ვადა ეწურება, ამიტომ მან უნდა მოიფიქროს, ახლა რა ქნას, ასეთ დროს ისეთ არარეალურ რამეს ამბობს, რაც იმ ორ მონათესავე პარტიაშიც, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოშიც“, კი შეუძლებელი აღმოჩნდა,“ – უთხრა „ფორტუნას“ ლევან ბერძენიშვილმა.

                            პოლიტიკური ამბიცია

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, გიორგი გუგავა ოპოზიციას პრეზიდენტობის ერთიან კანდიდატად შალვა ნათელაშვილს სთავაზობს. გუგავას თქმით, ქვეყანას პრეზიდენტად ისეთი ქარიზმატული ლიდერი სჭირდება, როგორიც შალვა ნათელაშვილია. 

„საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენ  გვყავს საკუთარი კანდიდატურა. იქიდან გამომდინარე, რომ ივანიშვილს სურს, საპრეზიდენტო ინსტიტუტი, უფლებრივი თვალსაზრისით, მთლიანად გაანადგუროს, მას ამ თანამდებობაზე მსახური სჭირდება. ასევე, ივანიშვილს ამ მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტის დისკრედიტაცია სურს. თუმცა ქვეყანას, პოლიტიკური ამოცანებიდან გამომდინარე, სჭირდება ქარიზმატული ლიდერი, ისეთი, როგორიც შალვა ნათელაშვილია,” – განაცხადა გიორგი გუგავამ.

 

პროცესის შეფასება გარეშე თვალით

პოლიტოლოგი  გია ნოდია მხოლოდ ფინანსურ პრობლემებს არ მიიჩნევს პრაიმერისის არგამართვის მთავარ მიზეზად. ნოდია ფიქრობს, რომ ახლა პრაიმერისის გამართვა საკმაოდ რთული იქნება იმიტომ, რომ სააკაშვილის გამონათქვამებმა ქვეყნის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ოპოზიციური პარტია – „ევროპული საქართველო“  „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუპირისპირა.  

„სააკაშვილმა „ევროპულ საქართველოზე“ თქვა, რომ მისი ლიდერები ბიძინა ივანიშვილზე არიან გაყიდული. ამით მან გამორიცხა მათთან თანამშრომლობა. საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში შევიდა. ეს აჩვენებს, რომ თუკი ასეთი დამოკიდებულება არსებობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიასთან ვერ ითანამშრომლებენ,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ ნოდია.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი კი “ფორტუნასთან” ამბობს, რომ  “პრაიმერისის გამართვა დღევანდელ პირობებში აბსოლუტურად შეუძლებელია”.  მიზეზად კი  არამხოლოდ ფინანსურ, რამედ პირველ რიგში პოლიტიკურ პრობლემებს ასახელებს.  

“ამაზე საუბარსაც კი არა აქვს აზრი. ქვეყანაში პოლიტიკური მოზაიკა არის ისეთი, როდესაც რაღაც ტიპის გაერთიანებაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს,” – ამბობს გია ხუხაშვილი.

 

 

თათია კაკიაშვილი 

 

 

პოპულალურები