LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებებით ნამდვილად გაკვირვებული ვარ – კახა კალაძე გენგეგმაზე

89

„თბილისის მერიისა და „სითი ინსტიტუტის“ 3 თვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, საკრებულოში გადაიგზავნა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, ის ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებებით გაკვირვებულია.

„ოპოზიციის განცხადება ნამდვილად გასაკვირი იყო იმიტომ, რომ პირველადი დოკუმენტი როდესაც „სითი ინსტიტუტმა“ შემოიტანა, რომელსაც ჰქონდა სერიოზული პრობლემები და ხარვეზები, ოპოზიცია დაჟინებით ითხოვდა, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა მიგვეღო ეს დოკუმენტი, ისეთი სიტყვებით მოგვიხსენიებდნენ, რომ თითქოს ვეწინააღმდეგებოდით ქალაქის სწორ განვითარებას. მაშინ, როცა ამ დოკუმენტის დამუშავება მოხდა და ამაში ძალიან ბევრი შრომა ჩაიდო, 3 თვის თავზე ჩვენ მივიღეთ გამართული დოკუმენტი, დღეს კი გვეუბნებიან, რომ ეს დოკუმენტი არის ხარვეზიანი, არის უამრავი პრობლემა შიგნით. დარწმუნებული ვარ, ჩვენ დღეს რომ გამოვიდეთ და ვთქვათ, გადაწყვეტილი გვაქვს, რომ არ ვიღებთ ამ გეგმას, ისინი პირიქით – შემოგვიბრუნდებიან და გვეტყვიან, რომ თქვენ აზარალებთ დედაქალაქს, მის განვითარებას და აუცილებლად უნდა მიიღოთ. ყველა რეფორმის განხორციელების დროს მათ აქვთ ერთი და იგივე პოზიცია. რა თქმა უნდა, ყველა ოპოზიციურ ძალაზე არ არის აქ საუბარი, კონკრეტულად იმ გაკოტრებულ პარტიაზე მაქვს საუბარი, რომელიც ამ მიმართულებით არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს,“ – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან იგივე დამოკიდებულება იყო, როდესაც თბილისის მერიამ „სითი პარკს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა.

რაც შეეხება გენერალურ გეგმას, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დოკუმენტი მართლაც მნიშვნელოვანია.

„ეს არის ის დოკუმენტი, რომლითაც ჩვენ შევძლებთ, ქალაქის გრძელვადიან და რაც მთავარია, სწორ განვითარებას,“ – დასძინა მერმა.