„არ გაბედოთ გაჩერება!..“ – „ოქროს ტალღა“ და პოზიტიური შეფასებები, რომლებიც მუსიკალურ კონკურსს მოჰყვა

„არ გაბედოთ გაჩერება!..“ – „ოქროს ტალღა“ და პოზიტიური შეფასებები, რომლებიც მუსიკალურ კონკურსს მოჰყვა

რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“ წელს უკვე მეოთხედ გამართა წლის სიმღერის დაჯილდოვების ცერემონია „ოქროს ტალღა“, რომელმაც კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, წლის სიმღერად სტეფანეს „დამიბრუნდი“ დაასახელა, ასევე გამოავლინა კიდევ 16 კატეგორიაში გამარჯვებულები.

ღონისძიების იდეის ავტორსა და ორგანიზატორს, ჰოლდინგის გენერალურ დირექტორს საღამოს დასრულების შემდეგ ვესაუბრეთ და ვკითხეთ, რამდენად კმაყოფილი დარჩა „ოქროს ტალღის“ წლევანდელი საღამოთი.

თამარ ჩიგოგიძე, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი:

მინდა გითხრათ, დღევანდელი საღამოთი აღფრთოვანებული ვარ. ძალიან ვღელავდით. ვფიქრობ, ძალიან კარგად, ნონსტოპის რეჟიმში წარიმართა ღონისძიება. რაც მთავარია, ჩვენი მსმენელისა და სტუმრებისგან დიდი პოზიტივი მივიღეთ, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ.

მინდა ვუსურვო ჩვენს კომპანიას წარმატება და წინსვლა, რომ კიდევ უფრო მეტი საინტერესო ღონისძიება გავმართოთ.

„ოქროს ტალღაზე“ ფიქრი რომ დავიწყეთ, კომერციაზე საუბარი არც ყოფილა. ეს არის თავიდან ბოლომდე სოციალური პროექტი და მისი მიზანია, წავახალისოთ ჩვენი მუსიკოსები. ძალიან მიხარია, რომ საზოგადოებისა და მუსიკოსებისგან ვხედავ დიდ აქტიურობას, რაც მაძლევს მოტივაციას, მომავალშიც განვაგრძო ამ პროექტზე მუშაობა. ეს პროექტი შედგა, როგორც ბრენდი და დაიმსახურა საკუთარი ადგილი (იღიმის).

საღამოს დასრულების შემდეგ ასევე ვესაუბრეთ ჟიურის რამდენიმე წევრს და ვკითხეთ, რა მნიშვნელობა აქვს ამ ტიპის ღონისძიებას ქართული შოუბიზნესისთვის.

ნიკოლოზ რაჭველი:

ჩვენ გვაქვს ქვეყანა, რომელსაც არა აქვს ისეთი პირობები შოუბიზნესისთვის, როგორიც მაგალითად, აქვთ აშშ-სა თუ რუსეთს, იქ ბევრი ადამიანია და შესაბამისად, შოუბიზნესი მომგებიანია. ჩვენნაირ ქვეყანაში ყველაზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ მოტივაციის შექმნას, რომ ხელოვანებმა შექმნან სიახლეები.

„ოქროს ტალღა“ გახდა ერთ-ერთი მთავარი მოტივაციის წყარო იმისთვის, რომ წლიდან წლამდე ყველა შეეცადოს, შემოქმედებითი სეზონი იყოს რაღაცით გამორჩეული, რათა დაიმსახუროს ჟიურის წევრებისა და საზოგადოების ყურადღება. ამიტომ ეს კონკურსი ჩემთვის მნიშვნელოვანია გარდა იმ სუბიექტური მიზეზისა, რომ ყველა, ვინც ამ საქმეს ხელმძღვანელობს, ჩემი მეგობარია და ზოგადად, რადიო „ფორტუნა“ კლასიკური მუსიკის პროპაგანდისა და მათ შორის, ეროვნული ორკესტრისთვის, რომელსაც ვხელმძღვანელობ, დიდ საქმეს აკეთებს. „ფორტუნას“ 20 წლის იუბილე ძალიან სასიხარულოა.

ზაზა შენგელია:

მე ვფიქრობ, რომ რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ღვაწლი უმნიშვნელოვანესია და ძალიან დასაფასებელია. ეს არის არამხოლოდ ყველაზე მაღალი ხარისხის და ნომერი პირველი რადიო საქართველოში, მან დაიწყო მუსიკალური კონკურსის ჩატარება იქ, სადაც მუსიკა ჯერ ბიზნესი არ არის. ეს არის ძალიან დიდი სტიმული იმისთვის, რომ ხვალ და ზეგ მთავრობამ უფრო მეტი გააკეთოს საავტორო უფლებების დასაცავად, საკონცერტო ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, ჩვენი მუსიკოსების დასახმარებლად, რომ უცხოეთში გასვლის საშუალება ჰქონდეთ… ეს ყველაფერი მოიტანს იმას, რომ ეს სფერო განვითარდება, როგორც ბიზნესი. ძალიან დიდი მადლობა. დღეს ეს ღონისძიება კეთდება სუფთა ენთუზიაზმის ხარჯზე, მე მესმის, რამხელა შრომაა ჩადებული. „ბრავო რეკორდსი“ თავიდან ბოლომდე მხარში უდგას „ფორტუნას“ ყველა წამოწყებაში, მათ შორის ამ კონკურსის ჩატარებაშიც.

რუსა მორჩილაძე:

ამ კონკურსს აქვს უდიდესი მნიშვნელობა და არ მოვყვები, რატომ. არ გაბედოთ გაჩერება (იცინის)!..

ნინო მურღულია