LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეზო ბლიაძე: „ველოსიპედი“ ჩემპიონი სიმღერაა და ბევრად ჯობია ამ ეტაპზე ათეულში მოხვედრილ სიმღერებს…“

138

Ardaidardo.Ge

„რეზო და ბავშვების“ ორი სიმღერაა წარდგენილი „ოქროს ტალღაზე“, ერთი დუეტი დათო ხუჯაძესთან ერთად, მეორე კი კომპოზიცია სახელწოდებით „ველოსიპედი“. ამ დროისთვის ის ათეულშია ხმების რაოდენობის მიხედვით, თუმცა დაჯილდოვების ცერემონიამდე ჯერ კიდევ არის დარჩენილი საკმაო დრო, ასე რომ ხმის მიცემა ჯგუფის თაყვანისმცემლებს ჯერ კიდევ შეუძლიათ.


ჯგუფის სოლისტი, რეზო ბლიაძე კონკურსთან დაკავშირებით ჩავწერეთ.


რეზო ბლიაძე:

ორივე სიმღერა ძალიან მიყვარს, ორივეს საკუთარი სხვადასხვა ისტორია აქვს. ცოტა გული მწყდება, რომ „ველოსიპედი“, რომელიც ახლა ათეულშია ხმების რაოდენობით, კონკრეტულად კი, მეათე ადგილზე, უფრო მეტ ხმას არ იმსახურებს. ვფიქრობ, ის არა მხოლოდ ამ წლის, არამედ ბევრი წლის ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერაა. ჩვენ წინ ახლა ვინც არიან და აღარ ჩამოვთვლი, მათ ისტორია გასცემს პასუხს, ნამდვილად იყო თუ არა მათი სიმღერები ათეულში მოხვედრის ღირსი. გააზრებული გვაქვს, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ და როგორი მუსიკალური გემოვნებაა, ჩვენ ვცდილობთ, რაღაც ახალი და საინტერესო, ორიგინალური შევთავაზოთ ჩვენს მსმენელს. ვერ ვიტყვი, რომ არ მოგვყვებიან. იმედია, დადგება ის დრო, როდესაც „ველოსიპედის“ მსგავსი
სიმღერები ათეულში პირველ პოზიციებს დაიმსახურებს.

რაც შეეხება „ოქროს ტალღას“, ამ კონკურსს ძალიან ვგუშემატკივრობთ. სწორედ ამიტომ მასში აქტიურად ვიქნებით ჩართულები, ჩვენ ვუკრავთ ამ ღონისძიებაზე და რამდენიმე შემსრულებელს აკომპანემენტსაც გავუწევთ. არ არის ქვეყანაში კარგი მუსიკალური პროექტები. „ოქროს ტალღა“ კი ის პროექტია, რომელიც მუსიკოსებს ახალისებს, რაღაცნაირი მოტივაციაა ამ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის, რომ ჩვენი შემოქმედება კიდევ ერთხელ გახდეს ინტერესის ობიექტი.

არ დამწყდება გული, თუკი „ველოსიპედი“ ვერ მოიგებს, რადგან მე ძალიან კარგად ვიცი, როგორი სიმღერა შევქმენით. ამას მოწმობს ჩვენი კონცერტები და ამ კონცერტებზე ანთებული ტელეფონები, როცა „ველოსიპედს“ ვასრულებთ. ეს არის ჩემპიონი სიმღერა და მგონია, რომ ათეულში ამჟამად მოხვედრილ სიმღერებს ბევრად ჯობია.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები