LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორივე თასი ჩვენია: საქართველომ რუმინეთი დაამარცხა და რაგბი ევროპის ჩემპიონი გახდა

179

საქართველოს ნაკრებმა გადამწყვეტ მატჩში რუმინეთი დაამარცხა – 25:16 – და ერთბაშად ორი თასი დაიბრუნა.

შარშან ბუქარესტში, რუმინეთმა მინიმალური სხვაობით მოგვიგო (8:7) და ბორჯღალოსნებთან 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, რითაც რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული და ჩვენს შორის საზიარო „ანთიმოზ ივერიელის სახელობის“ თასი თავისთან დაიტოვა.
ახლა ორივე დავიბრუნეთ.

„არა მარტო ფიზიკურად და ტაქტიკურად, მენტალურადაც მზად ვართ. ჩემპიონატი გვაქვს მოსაგები და ამისათვის ყველაფერს გავიღებთ. 2 წლის წინ რუმინეთი ლამაზ სტილში დავამარცხეთ, თუმცა მაშინდელი და ახლანდელი მიზნები განსხვავებულია. ჩვენი მთავარი მიზანი ტიტულის დაბრუნებაა“ – თქვა მატჩამდე ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

ძალიან ამაღელვებელი იყო მატჩის დასაწყისი. ბორჯღალოსნები მოედანზე თეთრი მაისურებით გამოვიდნენ, რომელზეც ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის სახელი ეწერა და მთელ სტადიონთან ერთად იმღერეს ჰიმნი.

საერთოდ, ცალკე აღნიშვნის ღირსია ჩვენი გულშემატკივარი (ცნობილი სახეებიც ბევრნი იყვნენ – სპორტსმენები, პოლიტიკოსები) და სავსე სტადიონზე არსებული მშვენიერი ატმოსფერო, რაზეც ნებისმიერი სახეობის სპორტის ნებისმიერი სპორტსმენი იოცნებებს. ამ ერთიანობამ და შემართებამ მოიტანა კიდეც ის შედეგი, რამაც მართალია მიჩვეულ, მაგრამ მაინც სასიამოვნო გამარჯვებამდე მიიყვანა საქმე.

საქართველომ მეტოქეს ულაპარაკოდ და ნაღდ ბრძოლაში მოუგო. თამაში რომ მარტივი ვერ იქნებოდა, ცხადი იყო და ეს განსაკუთრებით პირველ ტაიმში გამოჩნდა. შესვენებამდე მოგებულები კი გავედით, მაგრამ 10:6 ბუნებრივია მშვიდად ყოფნის საშუალებას არ იძლეოდა.

გასულ შაბათს კრასნოდარში რუსეთთან 29:9 მოგების შემდეგ, ჰეიგმა შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა.
პირველ ხაზში ანტონ ფეიქრიშვილის ნაცვლად ლევან ჩილაჩავა დაბრუნდა.
უცვლელი დარჩა შერკინების მეორე და მესამე ხაზი. ასევე უცვლელი დარჩა ღერძი და უკანა ხაზი.

მეორე ნახევარი კი მშვენივრად დავიწყეთ, აქტივს ლელოთი, გარდასახვით, ჯარიმით ქულები (10 ქულა) მივამატეთ და ფაქტობრივად მოგებაც გავინაღდეთ, მიუხედავად იმისა, რომ მატჩის ბოლომდე ჯერ ბლომად დრო რჩებოდა.

რუმინელები დანებებას არ აპირებდნენ და ჯარიმით სხვაობაც შეამცირეს. მერე კი, სტუმრებს უფრო იმაზე მოუწიათ ზრუნვა, სხვაობა არ გაზრდილიყო. არ გამოუვიდათ – ჩვენებმა კიდევ ერთი ლელო, თანაც ბონუს ლელო დადეს – 25:9 (მათიაშვილმა გარდასახვა ვერ გაიტანა). აქ უკვე ყველა კითხვა მოიხსნა. თუმცა თამაშის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, სამწუხაროდ რუმინელებმა ლელო დადეს, ამით ბონუს ლელო წაგვართვეს და რთული გარდასახვით ანგარიში შეამცირეს და საბოლოო შედეგიც დააფიქსირეს – 25:16.

 

მოკლედ, საქართველომ ერთხელაც დაამტკიცა, რომ იმ ბობოლებს თუ არ ჩავთვლით, ევროპაში ყველაზე კარგი გუნდია და ერთხელაც შეახსენა თავი ძველ ყაიდაზე მდგომ კონსერვატორებს, რომ ჩვენები მათთან თამაშს იმსახურებენ.

 

სტატისტიკა

საქართველო-რუმინეთის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ურთიერთშეხვედრების საწყის ეტაპზე უპირატესობა მეტოქის მხარეს იყოს. პირველ 9 წელიწადში, 2006 წლამდე, 7-ჯერ გამარჯვება მეტოქეს დარჩა, ჩვენ კი მხოლოდ 2-ჯერ ვიმარჯვეთ – 2001 წელს ბუქარესტში 31:20 და 2005 წელს ეროვნულზე 20:13.
2007 წლიდან სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და რუმინეთი 9-ჯერ დავამარცხეთ (ახლა უკვე 10-ჯერ), ერთი შეხვედრა ფრედ დავასრულეთ, ორი თამაში კი მეტოქის სასარგებლოდ დასრულდა.
რუმინეთს სარეკორდო სხვაობით 2016 წელს, „დინამო“ მოვუგეთ. ბორჯღალოსნებმა გაიტანეს ერთი მატჩისთვის რეკორდული – 6 ლელო, თავად ლელო არ მიუღიათ და ლამაზ სტილში, 38:9 იმარჯვეს.
დღევანდელის ჩათვლით სულ რუმინეთი 22 შეხვედრიდან დავამარცხეთ 12-ჯერ, ხოლო ერთი მატჩი ფრედ დასრულდა. ლელოთა თანაფარდობა 37/31-ზეა ჩვენს სასარგებლოდ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები