LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთო ნემსაძე „ბრიტანული ნიჭიერის“ შესახებ – „კულტურის სამინისტროდან დამირეკეს და დახმარება შემომთავაზეს…“

73

ოთო ნემსაძეს „ბრიტანულ ნიჭიერში“ მონაწილეობის შეთავაზება მოუვიდა, თუმცა დიდი ბრიტანეთის ვიზა, სამწუხაროდ, ვერ მიიღო და კონკურსში მონაწილეობას წელს ვერ შეძლებს. მოსაწვევი და შესაბამისი სტატუსი ოთომ საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა.

 დაღმართებს აღმართები მოსდევს და პირიქით – არ მჯერა. შენით ქმნი ყველაფერს და ნუ დაელოდები დაღმართის დასრულებას!!!
ამჯერად უბრალოდ ვიზა არ მომცეს
სხვა რაღაცას გავაკეთებ და უფრო უკეთესს…“

 ოთოს „ფორტუნა“ ვრცელი კომენტარისთვის დაუკავშირდა.

 როგორ მოხვდი „ბრიტანულ ნიჭიერში“?

 ოთო ნემსაძე:

 ნახეს მასალა, ვიდეოები და კასტინგზე დამიბარეს. სამჯერ დამირეკეს, რომ დარწმუნებულიყვნენ, მივემგზავრებოდი. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ დიდი ბრიტანეთის ვიზას არ ჩამირტყამდნენ, ცხოვრებაში არაფერი დამიშავებია, მაღაზიის ვალიც კი არ მქონია (იცინის).

 ჩვენ აქ არ გვაქვს ბრიტანეთის საკონსულო, თურქეთშია და ეს კიდევ უფრო აძნელებს ვიზის მიღებას.

 ხომ არ მიგიმართავს კულტურის სამინისტროსთვის?

 არ მიყვარს ადამიანების შეწუხება. თანაც, ეს არ არის კულტურის სამინისტროს პრეროგატივა და ვერ წარმოვიდგენდი, რომ მათ დახმარება შეეძლოთ. ჩემი სტატუსის შემდეგ თავად დამიკავშირდნენ, თუმცა ფიზიკურად ვეღარაფერს მოვასწრებ. ექვსში უკვე იქ უნდა ვყოფილიყავი და საბუთების განხილვას ათი დღე მაინც უნდა, ასე რომ, დრო აღარ მაქვს.

 კულტურის სამინისტროს ადრე მივმართე რეკომენდაციისთვის, მაგრამ მითხრეს, რომ ისინი ამგავრ რეკომენდაციებს არ გასცემენ. ძალიან კარგი წერილები დამიწერეს თბილისის მერიამ და „რუსთავი 2“-მა, რისთვისაც მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ალბათ, უფრო ხშიად უნდა შევაწუხო ხოლმე ხალხი. ასევე კარგი სარეკომენდაციო წერილი მომცა ერთ-ერთმა წამყვანმა უკრაინულმა არხმა. არ ვიცი, ეს წერილები რამდენად ახდენს გავლენას…

 ი რამის თქმა მინდა, ეს სტატუსი ნიშნის მოგებით არ დამიწერია, აი, ვიზა არ მომცეს-მეთქი. ძალიან ვინერვიულე და გული დამწყდა და ამიტომ გამოვხატე ჩემი აზრი საჯაროდ. ამ სტატუსის მერე უამრავი ადამიანი დამიკავშირდა, მეგობრები, სრულიად უცხო ხალხი, კულტურის სამინისტრო… მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის.

 ადრე ამერიკის ვიზაც არ მომცეს. ასეთ დროს ვფიქრობ ხოლმე, რომ ყველაფერი რაც გამიკეთებია, წყალში ჩაიყარა… არადა, ცოტა ნამდვილად არ მაქვს გაკეთებული, თუმცა ვფიქრობ, საქართველოში ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე. საერთოდ წასვლა კი არ მინდა სხვა ქვეყანაში, კიდევ მინდა ბედის ცდა ამა თუ იმ კონკურსზე. იმ ადამიანების გასაგონად, ვინც წერდა, მაგასაც უცბად არ მოეგო „ბრიტანული ნიჭიერიო“, ვიტყვი, რომ კიევში ექვსი დოლარით ჩავიდა ოთო ნემსაძე (იღიმის). ასე რომ, ამის დამწერებს ენა არ ჰქონდეთ ძირში წასაკვნეტი.

 შემდეგ წელს აპირებ კიდევ ბედის ცდას?

 დაველოდები კიდევ ერთი წელი… ძალიან დამწყდა გული. ასაკი მემატება უკვე და დროის სწორად გამოყენება მინდა. ინგლისში, ამერიკაში თუ სხვაგან, აუცილებლად ვცდი ბედს. უამრავმა ემიგრანტმა დამირეკა ინგლისიდან, მადლობას ვუხდი მათ და ვფიქრობ, რომ ყველა ჩემი გულშემატკივრისთვის უნდა გადავდგა წინ კიდევ ნაბიჯები.

 თუ ვინმეს შეუძლია, ვიზის აღებაში დამეხმაროს, ძალიან გამიხარდება. ვფიქრობ, რომ არავისზე ნაკლებად ვმღერი და კიდევ შემიძლია უამრავი რაღაცის გაკეთება. სადაც წავალ, იქ აუცილებლად ავაფრიალებ საქართველოს დროშას!..

 ნინო მურღულია

14872452_1380551225318617_1660956275_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები