LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზურგეთში სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

346

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ ოზურგეთში სასარგებლო წიაღისეულის – ბენტონიტური თიხების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის ნებართვა გასცა.

კომპანია „ასკანგელ ალიანსს“  სახელმწიფო პროგრამის – ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების 30 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცა. კომპანიამ  ვალდებულება აიღო, რომ განახორციელებს არანაკლებ, 175 900 ლარის ინვესტიციას.   

აღნიშნული საწარმოს გარდა, სამეურნეო კომპლექსი მოიცავს: ორ სასაწყობე მეურნეობას, ოფისსა და ავტოფარეხს. „ასკანგელ ალიანსი“  წელიწადში 100 000 ტონამდე ბენტონიტური თიხის გადამუშავებას გეგმავს. საწარმოში 92-მდე ადამიანია დასაქმებული, ხოლო მთელ კომპლექსში – 250 ადამიანამდე დასაქმდება.

სამეურნეო კომპლექსის მშენებლობის დამთავრება მიმდინარე წლის 30 მაისისთვის იგეგმება.

საწარმო თანამედროვე ტექნიკით იქნება აღჭურვილი. სასარგებლო წიაღისეული, რომელიც საწარმომ უნდა გამოიყენოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მთისპირსა და ცხემლისხიდში მოიპოვება – ვანისქედისა და უჩხუბის საბადოებში.  ისტორიულად ამ ადგილს ასკანა ეწოდება, ამიტომ აღნიშნულ თიხას ასკანის ბენტონიტურ თიხასაც უწოდებენ. ის საქართველოში 1930-იან წლებში აღმოაჩინეს და მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, საწარმოები თავიანთ საქმიანობაში აქტიურად იყენებდნენ.

ქართული ბენტონიტური თიხა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. იგი გამოიყენება მანქანათმშენებლობაში, კერამიკის წარმოებაში, პარფიუმერიაში, საფეიქრო მრეწველობაში, ღვინის ფილტრაციისთვის, ნავთობის მოპოვებაში.

იხილეთ ჩვენი სტატია: გურიაში ახალი საწარმოს გასახსნელად 10-მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდა