LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პაბედა“, სტალინი და გაქცეული პატარძალი – იტალიური ტელეკომპანიის დამცინავი ფილმი საქართველოზე

იტალიური ტელეკომპანია Rai2-ის მიერ საქართველოზე გადაღებულმა იუმორისტულმა ფილმმა ქართველი მაყურებლის კრიტიკა დაიმსახურა. იტალიაში მცხოვრები ემიგრანტები საქართველოს საელჩოს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ტელეკომპანია  Rai2-ის ეთერში ფილმი გასულ ხუთშაბათს გავიდა.  იუმორისტული ფილმის  შინაარსის მიხედვით, იტალიელი წყვილი (კოსტანტინო დელა გერარდესკა და ელეონორა ჯორჯი)  ქორწინდება და საქართველოში ჩამოდის,  სადაც რამდენიმე დღე  ქართული ოჯახის ცხოვრებით ცხოვრობენ. ფილმის გადამღებ ჯგუფს საქართველოს რამდენიმე რეგიონი აქვთ გადაღებული, სადაც ქართული ტრადიციები არცთუ უწყინარი იუმორით არის აღწერილი. იუმორისტულ ფილმს პერიოდულად ფონად გაურკვეველი წარმოშობის მუსიკა გასდევს. 

ფილმის შინაარსის მიხედვით, საბოლოოდ ქართული ცხოვრებით თავმობეზრებული ელეონორა უარს ამბობს ქორწინებაზე და გარბის. ფილმის კადრებში მომღერალი გია სურამელაშვილი და საზოგადოებისთვის ცნობილის სახეებიც არიან გადაღებული.

იტალიაში მცხოვრები ქართველების შეფასებით, ფილმი შეურაცხმყოფელია, როგორც საქარველოს რიგითი მოქალაქეებისთვის,  ასევევ აზარალებს  ქვეყნის იმიჯს.

“ძალიან დაბალი დონის ქვეყნად წარმოგვაჩინეს. მხოლოდ კადრებით შეიძლება, იფიქრო, რომ რა მოხდა, ძროხა თუ მოწველეს და რა მოხდა, საპირფარეშო თუა გვერდზე გადაქცეული, მაგრამ კონტექსტი და შიგადაშიგ რეპლიკები იყო ძალიან დამამცირებელი და ცინიკური. სიბოროტეს უფრო დავარქმევდი, ვიდრე იუმორს. ვიღაც საქართველოს მოძულე კურირებდა ამ ფილმს ქართული მხრიდან, სხვა აზრი მე ვერ გამომაქვს. რა საჭირო იყო ქვეყნის ასე მასხრად აგდება, ვერ მივხვდი. საწნახელის თავზე ლამის გული შეუწუხდა იმ ქალს, რომელ საუკუნეში ვართ, ასე ვიღა წურავს ღვინოსო. სხვების სოკოიანი ფეხების განაწმენდ პირსახოცი არ გამოვიყენებო და სულ ძალით ჩააგდეს საწნახელში. არადა, მეღვინეების ოჯახში იყვნენ, რომელ ოჯახსაც მეღვინეობა ბიზნესად აქვს ქცეული და როგორც მივხვდი, ერთ-ერთი სოლიდური მომწოდებელია.” – წერს სოციალურ ქსელში იტალიაში მცხოვრები ქართველი .

„ფორტუნას” ინფორმაციით, იტალიურ გადამღებ ჯგუფს საქართველოში  გადაღებების ორგანიზებაში დახმარებას კომპანია Eco Films უწევდა. კომპანიის დამფუძნებელი,  რეჟისორი ნიკა წილკაური, ფილმის შინაარსსა  და სცენარში რაიმე სახის თანამონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს.

Eco Films მხოლოდ ლოჯისტიკაში, გადაადგილებაში,  სასტუმროების და ტრანსპორტის შერჩევასა  და მსგავს დეტალებში უწევდა დახმარებას.  გადაღების პროცესში ნამდვილად არ მომწონდა ის ხარისხი, რასაც იღებდნენ. ოჯახები, სადაც გადაღება მიმდინარეობდა, ძალინ თბილად და ყურადღებით ხვდებოდნენ, თუმცა, საპასუხო ქცევა ნამდვილად არ იყო ანალოგიური. სოფელ ჩარდახში, სადაც ღვინის დაწურვის სცენა გადაიღეს, მეღვინეს ქვევრში მინა ჩაუმსხვრიეს, ზარალი საკმაოდ დიდი და  დღემდე არ აუნაზღაურებიათ,“  – ამბობს “ფორტუნასთან” ნიკა წიკლაური .

Rai2-ის ფილმის გადაღება საქართველოში ოქტომბრის ბოლოს მიმდინარეობდა.

 

 

 

 

 

თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები