LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაციენტის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისთვის ბრალდებულ ექიმს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა

97

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასათანადო სამედიცინო მომსახურების შედეგად პაციენტის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2015 წლის 4 თებერვალს შპს “უნივერსალი ნოვა კლინიკაში“ პაციენტს ზოგადი ანასთეზიის ქვეშ ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, რის შემდეგაც პაციენტი პოსტოპერაციულ პალატაში მოთავსდა და ექიმ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ ვ.ა.-ს დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. 19:00 საათზე ავადმყოფის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც ვ.ა.-ს მიერ, ინფუზიურ-ტრანსფუზიური თერაპიის ჩატარების მიზნით გადაწყდა მარჯვენა ლავიწქვეშა ვენის კათეტერის ჩადგმა, თუმცა მან კათეტერის ჩადგმა ვერ განახორციელა სწორად, რამაც ინტრაპლევრალური სისხლდენა გამოიწვია და განავითარდა პოლიორგანული უკმარისობა.

პროკურატურის ინფორმაციით, ვ.ა-მ პაციენტი ამ მდგომარეობაში, ყოველგვარი გამოკვლევების ჩატარების გარეშე 19:40 საათიდან 01:30 საათამდე ამყოფა. კლინიკის დირექტორის გადაწყვეტილებით, პაციენტი 5 თებერვალს გადაყვანილ იქნა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მიუხედავად გაწეული დროული და ადექვატური ღონისძიებებისა მისი სიცოცხლის შენარჩუნება ვერ  მოხერხდა და ქ.კ. 6 თებერვალს 12:45 საათზე  გარდაიცვალა.

2017 წლის 11 აგვისტოს  ვ.ა.-ს წარედგინა ბრალდება სისხლის  სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით)  და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო – 7000 ლარის ოდენობით. საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ.ა. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით შეეფარდა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 2 წლის ვადით ჩამოერთვა საქმიანობის უფლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები