LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზის შეთანხმება საქართველოსთვის ძალაში შევიდა

175

2017 წელს საქართველო პარიზის შეთანხმებას ოფიციალურად შეუერთდა, ის ძალაში დღეიდან შევიდა.

პარიზის შეთანხმების ეფექტური და თანმიმდევრული განხორციელების მიზნით საქართველოს მზად აქვს „ეროვნულად განსაზღვრული წვლილის“ დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ქვეყნის ხედვა სათბურის გაზების გაფრქვევების შემცირებისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის მიმართულებით.

კერძოდ, საქართველო გეგმავს, რომ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორიდან 2030 წლამდე ეტაპობრივად შეამციროს სათბურის გაზების გაფრქვევა 15-25%-ით.

“ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ენერგეტიკის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და ნარჩენების მართვის სექტორებში თანამედროვე კლიმატ-გონივრული ტექნოლოგიების დანერგვას, მდინარეების კალაპოტებსა თუ შავი ზღვის სანაპირო ზოლში ნაპირდაცვითი ღონისძიებების განხორციელებას, მაღალმთიან რეგიონებში წყალმოვარდნებისა და ღვარცოფების რისკის შემცირებას, აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლას და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის დაცვას”, – აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

პარიზის შეთანხმება გარემოს დაცვისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რადგან მან გარდატეხა მოახდინა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პროცესში.

2015 წლის 12 დეკემბერს პარიზის შეთანხმებაზე ხელმოწერით 195-მა ქვეყანამ პირველად აიღო ვალდებულება, რომ, ეკონომიკური განვითარების პარალელურად, შეამციროს კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის გაზების გაფრქვევები და დაბალემისიიანი განვითარების გზით შეინარჩუნოს საშუალო წლიური გლობალური ტემპერატურის ზრდა 2oC-ის ფარგლებში.

ამის გარეშე შეუძლებელი იქნება კლიმატის ცვლილების ისეთი უარყოფითი შედეგების შეჩერება, როგორებიცაა წყალდიდობები, მეწყერები, ზღვის დონის მატება, შტორმები, სანაპიროების წარეცხვა, მყინვარების დნობა, მტკნარი წყლის მარაგის შემცირება, გაუდაბნოების პროცესები, მოსავლიანი მიწების დეგრადაცია, ტყის საფარის შემცირება, ნალექების გახშირება, გვალვები, ზოგ ადგილებში პირიქით აცივება, ინფრასტრუქტურის დაზიანება და ადამიანური მსხვერპლი.

პარიზის შეთანხმება საშუალებას იძლევა, თანამედროვე ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების გამოყენებით დიდმა და პატარა, განვითარებულმა და განვითარებადმა ქვეყნებმა ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყონ ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას, ენერგოუსაფრთხოებას, კონკურენტუნარიან წარმოებასა და მსოფლიოს მდგრად განვითარებას.

შეგახსენებთ, რომ ამერიკა ამ ხელშეკრულებიდან გადის. ამის შესახებ ტრამპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა.