LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარკირების შეზღუდვა და მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი: ცვლილებები, რომლებიც პეკინზე იგეგმება

101

თბილისში, იოსებიძის, საბურთალოს, ტაშკენტის ქუჩებზე, დღის საათებში პეკინის გამზირის რეაბილიტაციის პერიოდში, პარკირება საჭიროების შემთხვევაში, შეიზღუდება – ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ “ფორტუნას” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, 16 ივნისიდან იმ ქუჩებს, რომლებზეც გამზირიდან ავტომობილები გადამისამართდა, მხოლოდ გადასაადგილებლად გამოიყენებენ.

რაც შეეხება მოძრაობის ახალ მიმართულებებს, მამუკა მუმლაძის განცხადებით, ამისთვის სპეციალურად, საგზაო ნიშნებიც მონტაჟდება, ასევე სრულად მობილიზებული იქნება საპატრულო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მოქალაქეებს დაეხმარებიან.

იმ შემთხვევაში, თუ მოძრაობის შეზღუდვის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთნაკადი გაიზრდება, მერია მზად არის, დაამატოს როგორც ავტობუსები, ასევე მეტროს ვაგონები და შეამციროს ინტერვალი მარშრუტებს შორის.

“ყველა გზაზე იქნება განთავსებული საგზაო ნიშნები, იმისთვის რომ მარტივად მოახერხონ მძღოლებმა ახალი მიმართულებებით გადაადგილება.

ცალმხრივ ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრების ნაკადი მოიმატებს, მზად ვართ ავტობუსებიც დავამატოთ. ასევე მეტრო, რომელიც კარგი გამოსაყენებელი იქნება, მზად ვართ ვაგონები დავამატოთ და ინტერვალი შევამციროთ”, – განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

ამ გადაწყვეტილების მისაღებად პეკინის რეაბილიტაციის შტაბი შეიქმნა. მათი ოფისი სასტუმრო “ჰოლიდეი ინის” წინ არის განთავსებული. ჯგუფში შემავალი სპეციალისტები ადგილზე წარმოქმნილ პრობლემებზე სწრაფ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

მოქალაქეებისთვის კი მოქმედებს მერიის ცხელი ხაზი, რომელიც მსურველებს კითხვების შემთხვევაში, საჭირო ექსპერტთან გადაამისამართებს.