LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის ნდობის ჯგუფი თვეში ერთხელ შეიკრიბება

36

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი საგაზაფხულო სესიის ფარგლებში ნდობის ჯგუფის ყოველთვიურად შეკრებას გეგმავს.

როგორც სესიაშვილმა განაცხადა, პირველი ასეთ შეხვედრა თებერვალში გაიმართება და თარიღს უახლოეს ერთ კვირაში დაანონსებს. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

“ნდობის ჯგუფის შეხვედრა ყოველ თვე გაიმართება, იმის მიუხედავად, რომ კანონი შეხვედრის გამართვას წელიწადში ორჯერ ითვალისწინებს. გეგმა გაწერილია. ნდობის ჯგუფის პირველ უახლოეს შეხვედრას ერთი კვირის განმავლობაში დავაანონსებ. შესაბამისს უწყებებს მოთხოვნები უკვე დაეგზავნა და გაფრთხილებული არიან, რომ მასალები წინასწარ მოგვაწოდონ, რათა გვქონდეს მათი წაკითხვისა და დამუშავების დრო. რაც შეეხება ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობის შემოწმების საკითხს, გრაფიკში ესეც გაწერილია და შევთანხმდებით კონკრეტულ თარიღსა და ვადაზე“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ნდობის ჯგუფის ფორმირება არჩევიდან ერთი წლის თავზე – გასული წლის ნოემბრეში მოახერხა. ამის შემდეგ ნდობის ჯგუფი მხოლოდ ორჯერ შეიკრიბა – პირველი საორგანიზაციო სხდომა იყო, ხოლო შემდეგ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სუს-ის ხელმძღვანელს ვახტანგ გომელაურს მოუსმინა, რაც “ნდობის ჯგუფის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით, ნდობის ჯგუფის პირდაპირ კომპეტენციაში არ შედიოდა.

“ნდობის ჯგუფის შესახებ“ კანონი ჯგუფს კონკრეტულ კომპეტენციას უდგენს და მისი უფლებამოსილებისა და საქმიანობის ფარგლებს მკვეთრად განსაზღვრავს. კანონის გათვალისწინებით, ნდობის ჯგუფის უფლებამოსილებას აღმასრულებელი ორგანოების სპეციალური პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლი წარმოადგენს – კანონით, ნდობის ჯგუფი სწორედ ამ მიზნების შესასრულებლად იქმნება. ამასთან, “ქართული ოცნების“ მიერ გასული წლის მარტში მიღებული ცვლილებებით, ნდობის ჯგუფს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობის შემოწმების ფუნქციაც დაემატა, რა მიზნითაც ჯგუფის შემადგენლობიდან ერთი წევრი უნდა შერჩეულიყო.

სახელმწიფო ორგანოების სპეციალური პროგრამების და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლის უფლებამოსილების განსახორციელებლად ნდობის ჯგუფი ჯერ არ შეკრებილა. ჯგუფს არც ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობის მაკონტროლებელი პირი შეურჩევია. შესაბამისად, პარლამენტის ნდობის ჯგუფს კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში ჯერ არც ერთი სხდომა არ გაუმართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები