LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა ახალი რედაქციის კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

89

პარლამენტმა ახალი რედაქციის კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები 115 ხმით, მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ცვლილებები გასული წლის სექტემბერში მიღებული კონსტიტუციის პროექტში აისახება, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის ოქტომბერში – ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ შედის.

ახალმიღებული კონსტიტუციის კორექტირება რამდენიმე შინაარსობრივი ცვლილების განსახორციელებლად, მათ შორის ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმებისა და 2020 წლის არჩევნებში, ერთჯერადად, საარჩევნო ბლოკების დაშვების მიზნით გადაწყდა.

ამასთან, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება იმგვარად მოხდა, რომ პარლამენტს განსახილველად ახალი რედაქციის კონსტიტუცია მთლიანად – პრეამბულიდან დაწყებული გარდამავალი დებულებების ჩათვლით წარედგინა და ახალი კონსტიტუციის 78-ვე მუხლის ხელახალი განხილვა, გადახედვა მოხდა. ამ პროცესში კი, მთელ რიგ მუხლებში განხორციელდა როგორც შინაარსობრივი, ასევე რედაქციული, ტერმინოლოგიური და ტექნიკური სახის ცვლილებები. მათ შორის ცვლილებები შევიდა კონსტიტუციის მე-18 მუხლში, რომელიც საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას ეხება.

კონსტიტუციური კანონის პროექტი შემდეგ ძირითად ცვლილებებს ითვალისწინებს: კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ე.წ. ბონუსის სისტემის ამოღება ხდება. ახალი ვერსიის თანახმად, გაუნაწილებელ საპარლამენტო მანდატებს თანმიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები მიიღებენ.

მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, პოლიტიკური პარტიების გარდა, საარჩევნო ბლოკებსაც ექნებათ.

გარდა ამისა, ფართოვდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. კერძოდ, სამი თვით იზრდება შესაბამისი სარჩელის განხილვის ვადები. ასევე, უქმდება ჩანაწერი, რომლის თანახმად, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით წყვეტს.

ახალმიღებულ კონსტიტუციაში ტერმინი ”ხმოსანი” აღარ იარსებებს. ”ხმოსანი“ ტერმინით – ”საარჩევნო კოლეგიის წევრი“ იცვლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები