LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა

38

გიორგი კვირიკაშვილის მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა. გუნდს  110-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი პარლამენტის 19 დეპუტატი იყო.

მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა და მთავრობის პროგრამა ”თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2016-2020” დეპუტატებს პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილმა გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა. მოსმენა, სხვადასხვა საპარლამენტო ფორმატში, ბოლო სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მთავრობის ახალი შემადგენლობა 22 ნოემბერს გახდა ცნობილი. კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დიმიტრი ქუმსიშვილმა შეცვალა, ქუმსიშვილმა შეინარჩუნა, ასევე, ვიცე-პრემიერის თანამდებობა.

ენერგეტიკის სამინისტროს კვლავ კახა კალაძე უხელმძღვანელებს, პრემიერი მიიჩნევს, რომ კალაძე წარმატებული მინისტრი იყო და დარწმუნებულია, რომ ასევე წარმატებით გააგრძელებს საქმიანობას. ვიცე-პრემიერის თანამდებობას ინარჩუნებს კახა კალაძეც.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარიაა,  ინფრასტრუქტურისა და რეგინული განვითარების მინისტრის თანამდებობაზე ნოდარ ჯავახიშვილი ზურაბ ალავიძემ შეცვალა.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძის ნაცვლად “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძეა.

დიასპორის სამინისტრო საგარეო საქმეთა სამინისტროს შეერწყა და ფუნქციებს ეს უწყება შეითავსებს.

კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, სხვა ყველა მინისტრი თანამდებობას ინარჩუნებს.