LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში საპენსიო რეფორმის პროცესის დროებით შეჩერება მოითხოვეს

77

ფრაქცია „ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატები“ მთავრობას საპენსიო რეფორმის ალტერნატიულ მოდელს სთავაზობს.

პარლამენტის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და ფრაქცია „ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატების“ მიერ მომზადებული პროექტის საჯარო განხილვის გამართვა და საპენსიო რეფორმის პროცესის დროებით შეჩერება მოითხოვა.

 „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიზიარებთ მთავრობის გადაწყვეტილებას საპენსიო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, ჩვენი შეხედულებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებულ საპენსიო სისტემას აქვს რიგი ნაკლოვანებები და იგი ეხება როგორც თავად რეფორმას, აგრეთვე განხილვის პროცესს, რომელიც ჩვენი შეფასებით, დაჩქარებული ტემპებით წარიმართა. გვინდა მივმართოთ მთავრობას – სანამ არ მოხდება რეფორმის სხვადასხვა ალტერნატივების ფართო განხილვა, მანამდე შეჩერდეს მთავრობის მიერ შემოთავაზებული საპენსიო რეფორმის განხილვის პროცესი“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ ბრიფინგზე საპენსიო რეფორმის ალტერნატიული მიდგომა წარმოადგინა და იმ განსხვავებებზე ისაუბრა, რასაც აღნიშნული მოდელი ითვალისწინებს.

„ფრაქციის მიერ მომზადებული საპენსიო სქემა მრავალსვეტიანია და შემდეგ განსხვავებებს მოიცავს:

1. იმ 750 ათასი პენსიონერისთვისაც, რომლებიც დღეს არიან პენსიაზე, საბაზისო პენსია გაიზრდება ყოველწლიურად ქვეყანაში საშუალო ხელფასის ზრდის პროპორციულად და შეადგენს საშუალო ხელფასის მინიმუმ 17%-ს.

2. ჩვენი სქემის ცენტრალურ ღერძს წარმოადგენს მეორე სვეტი, რომელიც ეფუძნება თაობათა შორისი სოლიდარობის პრინციპს, სადაც პენსია გაიცემა მოქალაქის სტაჟისა და დამსახურების მიხედვით. მეორე სვეტი ფინანსდება დაუბეგრავი ხელფასის 2%+2% პრინციპით, სადაც მონაწილეობს, როგორც დამსაქმებელი, ისე სახელმწიფო. ეს სვეტი სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, სანამ პენსიაზე არ გავა. რაც მთავარია, გაზრდილი პენსიის გაცემა მოხდება რეფორმის ამოქმედებიდან მეორე წელსვე და არა 25-წლიანი ლოდინის შემდეგ, როგოც ეს მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტშია.

3. მესამე სვეტი გულისხმობს ინდივიდუალურ დაგროვებას – 2% კონტრიბუციის სახით – იქნება სავალდებულო ყველსათვის, ხოლო ნებაყოფლობითი – 50 წელს გადაცილებული დასაქმებულებისათვის“, – აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.

ფრაქციის წევრმა საპენსიო რეფორმის განხილვის პროცედურებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე, საპენსიო რეფორმაზე მსჯელობა საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით დაიწყება, მხარდაჭერის მოპოვების შემთხვევაში კი, პროექტი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები