LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

28

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს. მათ სამართალდამცველებმა ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, თუმცა ისინი მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია მიხეილ კაჭკაჭიშვილი, რომელიც წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. აქციას რამდენიმე ადამიანი მართავდა. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებდნენ, გაასაჯაროოს გუშინ ნუცუბიძის პლატოზე 33 წლის მამაკაცის დაკავების ამსახველი ვიდეომასალა, რომლის დროსაც აღნიშნული მოქალაქე გარდაიცვალა.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, თუ სამინისტრო აღნიშნულ ვიდეომასალას არ გაასაჯაროებს, კითხვები გაჩნდება სისტემურ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით.

აქციის მონაწილე პირები ასევე მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოძიების დასრულებამდე ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველები დაკავებული პოზიციიდან დროებით გათავისუფლდნენ.

გუშინ ნუცუბიძის პლატოს მე-4 მიკრორაინში, 24-ე კორპუსთან ახალგაზრდა მამაკაცი იმ მომენტში გარდაიცვალა, როდესაც მას საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ. თვითმხილველთა ნაწილის განცხადებით, დაკავების პროცესში მამაკაცი შეუძლოდ გახდა და სამედიცინო დახმარებას ითხოვდა, თუმცა სამართალდამცველებმა აღნიშნულზე რეაგირება არ მოახდინეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიებას საქართველოს პროკურატურა 116-ე მუხლით აწარმოებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები