LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტიული დისციპლინის შემოღებასთან დაკავშირებით კონსულტაციები სასაცილოა – გიორგი ახვლედიანი

92

პარლამენტის ყოფილი წევრის, „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლის, გიორგი ახვლედიანის, განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ ე.წ. პარტიული დისციპლინის შემოღებასთან დაკავშირებით კონსულტაციები სასაცილოა და მმართველ გუნდში დაპირისპირება „ქართული ოცნების“ ეკლექტურობამ გამოიწვია.

ახვლედიანის თქმით, ნინია კაკაბაძის საკითხი დაპირისპირების მაპროვოცირებელი გახდა, მანამდე ერთ-ერთი მაპროვოცირებელი თემა ერთიანი რეზოლუციის მიღება იყო.

„დისციპლინაზე აქცენტების კეთება ცოტა სასაცილოდ გამოიყურება, როდესაც ასეთი უმწვავესი დაპირისპირების ფორმატი არსებობს, როდესაც მმართველ პარტიაში ასეთი ურთულესი ვითარებაა, ცოტა არასერიოზულად ჩანს ის, რომ დისციპლინაზე მიუთითოს პარლამენტის თავმჯდომარემ რომელიმე თავის დეპუტატს. მით უმეტეს, როცა თავად ამ პარლამენტის თავმჯდომარემ ცეცხლში იმდენი ნავთი ჩაასხა, რომ მე ეჭვი მეპარება, მას თავად შეეძლოს ამ ცეცხლის ჩაქრობა, როდესაც თავად გედი ფოფხაძის განცხადება შეაფასა იმდენად არაადეკვატურად, აგრესიულად, რეაქციულად, რომ ასეთი რამ პარლამენტის თავმჯდომარეს საკუთარი უმრავლესობის წევრის მიმართ ქართული პარლამენტარების ისტორიაში ბევრი არ გვაქვს. უღირსობაში დაადანაშაულა გედი ფოფხაძე იმიტომ, რომ მან პრინციპებს არ უღალატა,“ – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

ახვლედიანმა გიორგი კვირიკაშვილთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ  პრემიერმინისტრის განცხადება იყო შემრიგებლური, ის შეეცადა გედი ფოფხაძესთან შემორიგებას იმისთვის, უმრავლესობა არ დარღვეულიყო.

„ცოტა უცნაურია, პრემიერმინისტრი უფრო მეტს ცდილობდა, რომ უმრავლესობა არ დაშლილიყო, ვიდრე თავად პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერები. ეს მათი გამოუცდელობის, შეუსაბამო თანამდებობაზე ყოფნის ბრალია, მათი ასაკიდან, გამოცდილებიდან, ბევრი რამის არცოდნიდან გამომდინარე. ეს თანამდებობები მათთვის ძალიან დიდი ტვირთია,“ – განაცხადა ახვლედიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები