LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პასპორტები ნახეს, გაგვიღიმეს და გაგვიშვესო,” – როგორ შეხვდნენ ქართველებს ევროპელი მესაზღვრეები

89

ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ უკვე ჩავიდნენ საქართველოს მოქალაქეები. „ფეისბუქის“ მომხმარებლები წერენ, რომ არცერთ მათგანს პრობლემა არ შექმნია.

„ჩემი რამდენიმე მეგობარი წავიდა საბერძნეთში, არანაირი პრობლემა არ შექმნიათ ძალიან მარტივად გაიარეს…. ზედმეტი კითხვა კი არა საერთოდ არ უკითხავთ არაფერიო, პასპორტები ნახეს და გაგვიღიმეს და გაგვიშვესო….,“ – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

 

პრობლემები არ შექმნიათ არც უნგრეთში, ბუდაპეშტში ჩასულ მგზავრებს, რომლებიც ქუთაისიდან გაფრინდნენ.

„შევიდნენ უპრობლემოდ უვიზოები. დიდი დრო არ სჭირდებათ და არც არის რიგები!“

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის სივრცეში პირველი ქართველი უვიზო მგზავრები ვარშავაში, ბუდაპეშტში, სალონიკსა და  ლარნაკაში მიიღეს. მინისტრის პირადი ინიციატივით ოთხივე ქვეყანაში ჩასულ ერთ-ერთ პირველ ქართველ მგზავრებს საქართველოს საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელები დახვდნენ. უნგრეთში, კონსულის მოვალეობის შემსრულებლის ბექა მაკარიძის განმარტებით, უნგრელი მესაზღვრეები საქართველოს მოქალაქეების მიმართ განსაკუთრებული კეთილგანწყობით გამოირჩეოდნენ.

„ბუდაპეშტში ქუთაისიდან პირველი რეისი 06:35 წუთზე შესრულდა. პირადად დავხვდი ქართველ მგზავრებს სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, სადაც შესაძლებლობა მქონდა თვალი მედევნებინა ამ პროცესისთვის. თითოეულ მათგანს მივულოცე  ეს ისტორიული დღე, რომელსაც სრულიად საქართველო დიდი ხანია ელოდა. აღსანიშნავია, რომ უნგრელი მესაზღვრეები განსაკუთრებული კეთილგანწყობით გამოირჩეოდნენ საქართველოს მოქალაქეების მიმართ“ – განმარტავს ბექა მაკარიძე.

პოლონეთში, საქართველოს კონსულის მოვალეობის შემსრულებლის, ქეთევან ესიაშვილის განმარტებით კი, საქართველოს არც ერთ მოქალაქეს საზღვრის კვეთის პროცესში არანაირი პრობლემა არ შექმნია. „პოლონეთში ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს, აეროპორტში პირადად დავხვდი და გავესაუბრე. ყველა მათგანმა დაბრკოლების გარეშე გადალახა საზღვარი. აღსანიშნავია, რომ პოლონელი მესაზღვრეები კეთილგანწყობით გამოირჩეოდნენ ქართველი მგზავრების მიმართ. საღამოს,  მგზავრთა მეორე ნაკადს ველოდებით, რომლებიც ქუთაისიდან გამოფრინდებიან პირდაპირი რეისით“ – აცხადებს ქეთევან ესიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები