LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატარა საქართველო მსოფლიოში მეათეა

85

უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასკვნით მატჩში ირლანდიას ბოლომდე ეომნენ, მაგრამ მეორე ტაიმის დებიუტში მიღებული 2 ლელო ვერ გააბათილეს და საბოლოოდ ტურნირი მე-10 ადგილზე დაასრულეს.

ილია მაისურაძის გუნდმა გაიმეორა შარშანდელი შედეგი და შეასრულა პროგრამა მინიმუმი, თუმცა ერთი ნაბიჯით წინ წაწევა სავსებით შესაძლებელი იყო. ჩვენი გუნდი მეტოქეს არაფერში ჩამოუვარდებოდა და ოდნავ რომ გამართლებოდა, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩებოდა.

თამაში კარგი საყურებელი გამოდგა და მას დამატებითი ხიბლი ქომაგმა შემატა. “მიხეილ მესხის” ტრიბუნებზე 7-8 ათასი ქომაგი მივიდა და ისინი მთელი მატჩის განმავლობაში საქართველოს სკანდირებდნენ, ნამატჩევს კი, თავდადებული ბრძოლისათვის ბიჭებს მადლობა მხურვალე ტაშით გადაუხადეს.

ამ თამაშმა დაგვანახა, რომ უმცროსი ბორჯღალოსნების პლიუსი მხოლოდ მძლავრი შერკინება არაა. გუნდი ხელდახელ კარგად უტევდა და რამდენჯერმე გაიჭრა ხაზი. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდი გელა აფრასიძის ულამაზესი ლელოთი დასრულდა და გამარჯვების იმედიც გაჩნდა, მაგრამ გადამწყვეტი ლელოს დადება ვეღარ მოხერხდა – 18:24.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, მარცხენა ფლანგზე რიცხობრივი უპირატესობა გაჩნდა და ირლანდიელი გარემარბი ფეხით შეგორებულ ბურთს შეყვა. თითქოს ლელო გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ დავით მესხი ეპიზოდს არ გამოეთიშა, შემტევი ზედ ლელოს ხაზზე შებოჭა და ბურთის დამიწების საშუალება არ მისცა.
21-ე წუთზე ირლანდია მაინც დაწინაურდა, ლელო ალან ტირნანმა დაამიწა და ქონორ დინმა გარდასახა. სამაგიეროდ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შერკინებაში მოიპოვეს უპირატესობა და 27-ე წუთზე გელა აფრასიძემ საშუალო დისტანციიდან ჯარიმა გაიტანა. ორიოდე წუთში ლელოს დადების შანსი გვქონდა, როდესაც მეტოქეს ბოჭვისას ბურთი დავაგდებინეთ და ფეხით ლელოსკენ გავგზავნეთ. მას გიორგი კვესელაძე მიყვა, მაგრამ ბურთისთვის ბრძოლისას კარის ძელს შეეჯახა.

32-ე წუთზე კარგი იერიში ლელოთი დასრულდა. დერეფანში ბურთის მოგების შემდეგ დაახლოებით 40 მეტრი ხელდახელ შეტევით ვიარეთ, თედო აბჟანდაძემ ბურთი ბურჯ გურამ გოგიჩაშვილს შეაყოლა და მრავალფაზიანი შეტევა ლოგიკურად დასრულდა. აფრასიძემ გარდასახა და ტაიმი 10:7 მოვიგეთ.

მეორე ტაიმის საწყის 10 წუთში ირლანდიამ ტემპს უმატა, დაცვაში პრობლემები შეგვიქმნა და ორი გარდასახული ლელო მიითვალა. ქართველთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხეს და გაუთავებელი იერიშები აფრასიძის ჩინებული გარღვევით დაგვირგვინდა. უმცროსი ბორჯღალოსნების 9 ნომერმა მეტოქის დაცვაში სივრცე შენიშნა და ხაზი გაჭრა, მაღალ სისწრაფეზე ორი მცველი ფინტით ჩამოიშორა და 60-მეტრიანი გარბენი ლელოთი დააგვირგვინა. სანამ ის ნატკენ ფეხს იშუშებდა, გარდასახვა აბჯანდაძეს გაუცუდდა და სხვაობა 6-ქულიანი დარჩა – 15:21.

ხუთიოდე წუთში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა კიდევ ერთი კარგი შეტევა განახორციელეს, მორკინალებმა ორჯერ გაჭრეს ხაზი და ყველა მიძალებაზე შეძლეს უპირატესობის ხაზის გადაკვეთა, ირლანდია დაჯარიმდა და აფრასიძემ კარის წინ 18 მეტრიდან სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა.

მატჩის დასრულებამდე ოცი წუთი რჩებოდა და გამარჯვების იმედი გაჩნდა. მონდომება დიდი იყო, თუმცა პატარ-პატარა შეცდომებმა ქულების აღების საშუალება არ მოგვცა. ირლანდიამ 73-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა და საბოლოოდ თამაშში 24:18 იმარჯვა.

პრესკონფერენცია
ილია მაისურაძე (საქართველოს მთავარი მწვრთნელი): “მეორე ტაიმის დასაწყისში ირლანდიამ მკვეთრად მოუმატა, რაც ჩვენ ვერ შევძელით. ბურთი დაიჭირეს, სწრაფი რაქი ჰქონდათ და გადაწყობა ვეღარ მოვახერხეთ.
თავიდან თამაში არეულად დავიწყეთ, მაგრამ მერე დავლაგდით და გვქონდა იმედი, რომ მეორე ტაიმში მოვუმატებდით. ბურთით სახიფათონი ვიყავით, თუმცა ეს მე-5 თამაშია და თავი იჩინა დაღლამ და კონცენტრაციის ნაკლებობამ.

ძლიერ მხარეებზე მეტი ყურადღება რომ გაგვემახვილებინა, ამ თამაშის მოგება შეიძლებოდა. იყო პატარ-პატარა დეტალები, რომლებმაც მატჩის ბედი გადაწყვიტა.

სამწვრთნელო შტაბისთვის და რამდენიმე მოთამაშისთვის ეს მეორე მსოფლიო ჩემპიონატი იყო და მინდა ამ ბიჭებს წარმატება ვუსურვო კარიერაში.

ვიცოდით, რომ ყველა შეხვედრას უმაღლეს დონეზე ვერ ჩავატარებდით და გათვლა მეოთხე-მეხუთე მატჩებზე გავაკეთეთ. ამ გეგმამ იმუშავა და მე-10 ადგილის დაკავებით, მსოფლიოს ჩემპიონატზე გაისადაც ვითამაშებთ.
მნიშვნელოვანია, რომ ამ ტურნირში ადგილი დავიმკვიდროთ და მერე უკეთესი ადგილებისთვისაც შევძლებთ ბრძოლას”.

ილია სპანდერაშვილი (საქართველოს კაპიტანი): “ასაკობრივ ნაკრებში დღეს ბოლოჯერ ვითამაშე და მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის, სამწვრთნელო შტაბს, ბიჭებს კი – თავგანწირვისთვის. მათ ყველაფერი გაიღეს საქართველოსთვის.

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ის ჩვენი შეცდომების გამო წავაგეთ. არ იყო დღეს ირლანდია ჩვენზე მაგარი გუნდი და მოგება შეიძლებოდა.

ალბათ, მარცხი კონცენტრაციის ნაკლებობის ბრალი იყო. რაც შეეხება მსაჯობას, როგორც ხდება ხოლმე, საკამათო სიტუაციებში ძლიერის მხარე დაიჭირა. იყო მომენტები, როდესაც შეიძლებოდა ჯარიმა ჩვენს სასარგებლოდ დაენიშნა, მაგრამ ეს არ გააკეთა”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები