LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატიმრობისა და გირაოს დაუსაბუთებლად გამოყენება – “საია” კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს

72

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, გორისა და თელავის სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგების მე-12 ანგარიშის პრეზენტაცია წარადგინა. კვლევა 2017 წლის თებერვლიდან 2018 წლის მარტის პერიოდს მოიცავს.

კვლევის შედეგების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობისა და გირაოს გამოყენების მაჩვენებელი.

“საია”-ს შეფასებით, კვლავ პრობლემაა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობისა და გირაოს დაუსაბუთებლად გამოყენება.

„კვლევის შედეგების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი რაც არის, ესაა აღკვეთი ღონისძიებებიდან ყველაზე მძიმე, პატიმრობის გამოყენების ტენდენციის მაჩვენებელი. ასევე, გირაოსთან დაკავშირებული საკითხები. როგორ ხდება გირაოს შეფარდება, ითვალისწინებს თუ არა პროკურატურა და აკეთებს თუ არა ერთგვარ მოკვლევას, შეძლებს თუ არა კონკრეტული პირი ამ გირაოს გადახდას. ამ ანგარიშში პოზიტიური კუთხით გამოჩნდა ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის შექმნა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ასევე, გაიზარდა აღკვეთი ღონისძიებების გამოყენების რაოდენობა ოჯახში ძალადობის საქმეებზე. სასამართლო სისტემაში ბევრი პრობლემა კვლავ რჩება, მათ შორის მთავარი სხდომების გახსნა და გადადება. ვიმედოვნებთ, რომ ეს პრობლემები მოგვარდება და მომავალ ანგარიშებში უფრო მეტ პოზიტივზე მოგვიწევს საუბარი. ამისთვის, ცხადია, საჭიროა პოლიტიკური ნება და, რიგ შემთხვევაში, საკანონმდებლო ცვლილებები,“ – განაცხადა საია-ს ხელმძღვანელმა, სულხან სალაძემ.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და მოსამართლეები. როგორც იუსტიციის საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რიგ საკითხებში საბჭოს არგუმენტები ექნება, თუმცა სასარგებლო რჩევებს გაითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები