LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაულო კოელიოს რჩევები მოგზაურებს

221

“საკმაოდ ადრე მივხვდი, რომ მოგზაურობა განათლების მიღების საუკეთესო საშუალებაა”, – ამბობს ცნობილი ბრაზილიელი “პილიგრიმი” პაულო კოელიო, რომელმაც კარგად იცის, რა არის მოგზაურობაში ყველაზე ფასეული და რჩევებს არც ნაკლებად გამოცდილი მოგზაურებისთვის იშურებს.

მოერიდეთ მუზეუმებს – მართალია, ამგვარი მოწოდება ერთი შეხედვით აბსურდულად ჟღერს, მაგრამ ასწლეულების წინ არსებული ქალაქის გაცნობას ყოველთვის თანამედროვე, ცოცხალი ქალაქის გაცნობა ჯობია.

ეწვიეთ ბარებს – ქალაქი მთელი თავისი დიდებულებით სწორედ ბარში იხსნება, რადგან სწორედ აქ ატარებენ საღამოებს ადგილობრივები, რომლებიც ყველაზე უკეთ იცნობენ მშობლიურ ქალაქს. შეიძინეთ პრესა და დატკბით რიგითი გამვლელების ცქერით, თუ საუბარს გააბამენ, აუცილებლად ჩაერთეთ და უამრავ საინტერესოს შეიტყობთ.

გაიცანით ადგილობრივები – ის, ვინც ქალაქში დაიბადა, გაიზარდა და ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრობს, ყოველთვის ყველაფერი იცის. გაისეირნეთ ქუჩაში და გაიცანით პირველი შემხვედრი, თუ არ გაგიმართლათ, კიდევ სცადეთ და ადრე თუ გვიან აუცილებლად შეხვდებით მას, ვინც სიამოვნებით გაგცემთ პასუხს ყველა შეკითხვაზე.

იმოგზაურეთ დამოუკიდებლად – ტურისტულ ჯგუფთან ერთად მოგზაურობისას ყოველთვის მეტის მოსწრებას ცდილობთ, სინამდვილეში  კი, მხოლოდ დროს კარგავთ და სახლშიც ცარიელი, შთაბეჭდილებების გარეშე ბრუნდებით. იმოგზაურეთ მარტო ან პარტნიორთან ერთად და მხოლოდ ის დაათვარიელეთ, რაც მართლა გაინტერესებთ.

მოერიდეთ შედარებას – ნუ შეადარებთ სხვა ქალაქის ფასებს, ცხოვრების დონეს და გადაადგილების კომფორტულობას, რადგან მოგზაურობა სიამოვნებაა და არა მოხსენება საერთო მდგომარეობაზე მსოფლიოში.

ნუ შეშინდებით, თუ  გზა დაგებნათ – ბევრს ჰგონია, რომ უცხო ქალაქში გასვლა აუცილებლად გზის დაბნევას და სამუდამოდ დაკარგვას ნიშნავს, სინამდვილეში, საკმარისია ჩაიდოთ ჯიბეში სასტუმროს სავიზიტო ბარათი და თუ მართლა დაიბენით, ისარგებლეთ ტაქსით, აჩვენეთ მძღოლს ბარათი და სასტუმროშიც კომფორტულად დაბრუნდებით.

ნუ შეიძენთ ზედმეტს – დახარჯეთ ფული რესტორანში, კინოს, თეატრის ბილეთებში და ნუ შეიძენთ მსხვილ ნივთებს, რადგან გლობალური ბაზრის პირობებში ყოველთვის მოასწრებთ სასურველი ნივთის ინტერნეტით შეძენას.

ნუ ეცდებით სამყაროს ერთ დღეში ნახვას – უკეთესია ერთ ქალაქში გაჩერდეთ რამდენიმე დღე, ვიდრე რამდენიმე ქალაქი მოინახულოთ ერთ დღეში, რადგან უცნობი ქალაქი კაპრიზულ ქალბატონს ჰგავს, რომელსაც დრო სჭირდება, რათა გაიხსნას და იყოს გულწრფელი.

აქციეთ მოგზაურობა თავგადასავლად – უკეთესია აღმოაჩინოთ ყველასთვის უცნობი ადგილი, ვიდრე მხოლოდ ვალდებულებით მოინახულოთ ცნობილი ღირსშესანიშნაობა. მოერიდეთ უკვე “გათელილ” ტურისტულ მარშრუტს და აირჩიეთ უცნობი ქუჩები, იგრძენით თავისუფლება და შეეცადეთ მოიძიოთ ის, რაც სურვილს გაგიჩენთ შეცვალოთ ცხოვრება!

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები