LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენსის ვიზიტი აშშ-ს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურება – პრემიერი

38

აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დადასტურება – ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში, რომელიც 31 ივლისსა და 1 აგვისტოს შედგება.

პრემიერის შეფასებით, ის, რომ საქართველოს მთავრობამ ძალიან მოკლე დროში ძალიან მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანესია.

„ასევე, რამდენიმე დღეში იწყება მრავალმხრივი სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ – Noble Partner, რომელშიც მონაწილეობენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. ვფიქრობთ, ეს სწავლებები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისათვის“, – განაცხადა პრემიერმა.

ასეთი ტიპის სწავლება მესამედ იმართება, რაც, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ნამდვილად მისასალმებელია.

„ვფიქრობთ, აშშ-თან ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების დინამიკა ძალიან მაღალია. ასევე, ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების ფორმატი, რომელშიც არჩეულია ოთხი ძირითადი მიმართულება – უსაფრთხოება; კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობა; დემოკრატიის განვითარება; ეკონომიკა, ენერგეტიკა და ვაჭრობა, საკმაოდ დინამიურად ვითარდება და ვფიქრობთ, მაიკ პენსის ვიზიტი იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული ამ ორმხრივი ურთიერთობების ბიძგის მისაცემად. ვიზიტის დროს იგეგმება არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა და კიდევ ერთხელ მინდა, გამოვთქვა ძალიან დიდი კმაყოფილება, რომ ეს ვიზიტი შედგება სულ რამდენიმე დღეში საქართველოში“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები