LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეტი ოსტინი, ბობ ჯეიმსის ტრიო, THE REAL GROUP და „ირიაო“ თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგებიან!..

73

ჯანსუღ კახიძს სახელობის მესამე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის პროგრამა დღეს გახდა ცნობილი. საინტერესო ქართველი და უცხოელი შემსრულებლები თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად რამდენიმე დღის განმავლობაში წარდგებიან ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში.

პროგრამა 10 მაისს გაიხსნება ანსამბლ „ირიაოსა“ და ორკესტრის ერთობლივი კონცერტით, ორკესტრს, რასაკვირველია, ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. რაც შეეხება „ირიაოს“, ეს ანსამბლი, რომელიც ეთნოჯაზს ასრულებს, რამდენიმე წლის წინ ჩამოყალიბდა, ბენდის ხელმძღვანელია კომპოზიტორი დავით მალაზონია, მათ რეპერტუარში შედის ქართულ ხალხურ მუსიკაზე დაფუძნებული ახალი კომპოზიციები, რომლებიც მალაზონიამ სპეციალურად „ირიაოსთვის“ შექმნა, ასევე რამდენიმე ქართული კომპოზიციის ახლებური ვერსია. „ირიაო“ თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად პირველად წარდგება მსმენელის წინაშე.

13 მაისს ორკესტრთან ერთად ბობ ჯეიმსის ტრიო წარდგება – ამერიკელი „გრემის“ მფლობელი პიანისტი, არანჟირების ავტორი და პროდიუსერი, რომელმაც დააარსა ცნობილი ჯგუფი „Fourplay“. მისი პირველი სამი ალბომიდან რამდენიმე კომპოზიციას ჰიპ-ჰოპ არტისტები იმდენად ხშირად იყენებდნენ, რომ მას საკუთარი წვლილი აქვს შეტანილი ამ ჟანრის განვითარებაში.

17 მაისს THE REAL GROUP – აკაპელა-ჯგუფი ესტუმრება თბილისს და წარდგება ქართველი მსმენელის წინაშე. ეს არის შვედური ანსამბლი, რომელიც ხუთი შემსრულებლისგან შედგება. ისინი საკუთარ კომპოზიციებს ასრულებენ და თავად უკეთებენ არანჟირებას, ძირითადად, ინგლისურ ენაზე მღერიან, მათი შთაგონების წყაროდ ბობი მაქფერინი და მისი შემოქმედება იქცა.

18 მაისს ღონისძიებას დახურავს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სახელოვანი პოპ, არ’ენ’ბი და ჯაზშემსრულებელი, პეტი ოსტინი (Patti Austin). მან მუსიკალური აქტიურობა 1970-იანი წლებიდან დაიწყო და შესანიშნავ მუსიკოსებთან, მათ შორის ქუინსი ჯონსთან, ჯორჯ დიუკთან ბრწყინვალე კოლაბორაციები ჰქონია. 50-ე „გრემის„ დაჯილდოვების ცერემონიაზე მან საუკეთესო ჯაზვოკალური ალბომისთვის ეს პრესტიჟული მიიღო, აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში ის არც მეტი, არც ნაკლები, მეცხრედ იყო იმ დროისთვის წარდგენილი. სწორედ ის იქნება ფესტივალის სტუმარი დასკვნით საღამოზე თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.

ფესტივალის ბილეთების ყიდვა შეგიძლიათ საიტზე: www.biletebi.ge

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები