LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირის საპენსიო დანაზოგს, გარდაცვალების შემთხვევაში, მემკვიდრეები გაიტანენ

89

დაგროვებითი საპენსიო სქემის ამოქმედება და კონტრიბუციების მიღება 2018 წლის მესამე კვარტლიდან არის დაგეგმილი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ ”დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა.

როგორც პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი იქნება მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე შეუსრულდა 40 წელი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში მათი ასაკის მიუხედავად.

როგორც ნინო ჯავახაძემ განაცხადა, საპენსიო აქტივების ინვესტირება ხდება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვით მაღალკვალიფიციური და გამოცდილი წევრებისგან შემდგარი საინვესტიციო საბჭოს მიერ შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც გაითვალისწინებს საინვესტიციო ინსტრუმენტების ლიკვიდურობისა და ხარისხობრივი მახასიათებლების მაღალ სტანდარტებს.

”თითოეული დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო კანონით სქემის მონაწილე ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განახორციელებს შენატანს თითოეული დასაქმებულის ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ის ოდენობით. რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს, ისინი განახორციელებენ შენატანს თავისი შემოსავლის 4%-ის ოდენობით, სახელმწიფო კი როგორც დასაქმებულების, ასევე თვითდასაქმებულების სასარგებლოდ მათ დამატებით გადაურიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს”, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

მისივე ინფორმაციით, დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართული საპენსიო ასაკამდე ან პენსიაზე მყოფი პირის გადაცვალების შემთხვევაში მისი დანაზოგი გადაეცემა მის კანონიერ მემკვიდრეებს. ჯავახაძის განმარტებით, მემკვიდრეებს აღნიშნული თანხის ფონდიდან გატანა შეეძლებათ როგორც ერთიანად, ასევე ეტაპობრივად.

”დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონი პარლამენტს წლის ბოლომდე წარედგინება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები