LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი აგვისტოდან თბილისში ტაქსების რეგისტრაცია იწყება

80

პირველი აგვისტოდან თბილისში ტაქსების რეგისტრაცია იწყება. ნებართვის მაძიებლები რეგისტრაციის გავლას ელექტრონულად, taxitbilisi.gov.ge-ზე შეძლებენ.

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის ინფორმაციით, დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში, ნებართვის მაძიებლებს შეეძლებათ, მიმართონ გამგეობებს, სადაც მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები დაეხმარებიან.

მისივე თქმით, ნებართვა ერთწლიანია, შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილის მძღოლებისთვის რეგისტრაციის ღირებულება 100, ჰიბრიდული ავტომობილის მძღოლებისთვის კი 50 ლარია. ელექტრო ავტომობილის მძღოლები პროცედურას უფასოდ გაივლიან.

რეგისტრაცია 1-ელ ოქტომბრამდე გაგრძელდება. ნებართვის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ტაქსის მძღოლები 200 ლარით დაჯარიმდებიან.

მონიტორინგზე პასუხისმგებელი საპატრულო პოლიცია და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ჯგუფები იქნებიან. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ტაქსის მძღოლები ვალდებულნი იქნებიან, მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია ავტომობილის სალონში განათავსონ.

„რეგისტრაციის გავლას მძღოლები გამარტივებული წესით შეძლებენ. მათ ვებგვერდზე განთავსებულ ველებში უნდა შეიყვანონ პერსონალური მონაცემები. ასევე განათავსონ ავტომობილის ფლობის დამადასტურებელი მოწმობა. თუკი ნებართვის მაძიებელს საკუთარი ავტომობილი არ ჰყავს, მან უნდა წარმოადგინოს მესაკუთრის თანხმობა ტაქსით მომსახურების განხორციელებაზე. ერთი წლის შემდეგ, ნებართვის გაცემისას შემოვა დამატებითი რეგულაციები, განისაზღვრება ავტომობილის ფერი. ოქტომბერში გვეცოდინება, თუ რა ფერის ტაქსები იმოძრავებს თბილისში. ასევე, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მარჯვენასაჭიან ავტომობილებს აეკრძალებათ ამ მომსახურების გაწევა. თუმცა, მანამდე მძღოლებს მოსამზადებლად ერთი წელი აქვთ“, – განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები