LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი პრეცედენტი ქართულ ბაზარზე: ჩაის საწარმომ ISO სერტიფიკატი მიიღო

242

ჩაი ”გურიელი” ISO სერტიფიკატის მფლობელია. აღნიშნული ბრენდის მწარმოებელი კომპანია ”გეოპლანტის” ჩაის დასაფასოებელ საწარმოს სერთიფიკატი სურსათის უვნებლობის ნაწილში გადაეცა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ჭკუასელმა განუცხადა, ეს ”გურიელისთვის” ISO-ს რიგით პირველი სერტიფიკატია.

”ეს არის უპრეცედენტო მოვლენა ქართულ ბაზარზე, როდესაც ჩაის დასაფასოებელ საწარმოს ISO სერთიფიკატი სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების ნაწილში მიენიჭა. ბუნებრივია, ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი აღიარება და კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ”გურიელის” ბრენდის ქვეშ წარმოებული პროდუქციაა არის უმაღლესი ხარისხის და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ამასთან, ეს ყოველივე დაგვეხმარება საექსპორტო ბაზრების გაფართოებაში, სადაც ჩვენ მიმართ ნდობა კიდევ უფრო გაიზრდება”, – განმარტა ჭკუასელმა.

მისივე ინფორმაციით, სერთიფიკატი ”გურიელის” ახალმა საწარმომ მიიღო, რომელიც ოზურგეთში მდებარეობს. ISO სერთიფიკატი ბრენდს 2016 წლის 4 დეკემბერს გადაეცა.
შეგახსენებთ ჩაი ”გურიელის” შექმნის იდეა 2008 წელს გაჩნდა, რასაც მოჰყვა ორი წლიანი ინტენსიური მუშაობა აქციონერებთან, პროდუქციის მენეჯერებთან, მუშებსა და ფერმერებთან, ფინანსურ დაწესებულებებთან და სახელმწიფო მოხელეებთან, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან – მარკეტინგულ კომპანიებთან, ექსპორტიორებთან და კონსულტანტებთან. 2010 წელს კი ჩაის ქართული ბრენდი „გურიელი“ გამოჩნდა ბაზარზე. ბრენდის მწარმოებელი კომპანია “გეოპლანტი” ამ დროისთვის უშვებს 60 სახეობის ჩაის, პროდუქციის ექსპორტი უკრაინასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ხორციელდება.

შარშან “გეოპლანტმა” სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ოზურგეთში თანამედროვე მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე 1300 კვ/მეტრზე განთავსებული ჩაის შესაფუთი საწარმო გახსნა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 2 მლნ დოლარი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები