LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პლანეტის საოცარი ადგილები, რომელთაც მხოლოდ ჭეშმარიტი მოგზაურები სტუმრობენ

580

თუ  “გაცვეთილი” ტურისტული ღირსშესანიშნაობების თვალიერება მოგბეზრდათ, მაშინ ის ბუნებრივი საოცრებები მოინახულეთ, რომელთაც მხოლოდ ჭეშმარიტი მოგზაურები სტუმრობენ.

პამუკალე, თურქეთი – ულამაზესი ადგილი, რომელსაც თერმული წყლების წყალობით ხშირად „კლეოპატრას აუზსაც” უწოდებენ, არა მხოლოდ აქტიური ტურიზმის მოყვარულებს აღაფრთოვანებს, არამედ მათაც, ვინც საკუთარი ორგანიზმის გაჯანსაღებაზე ზრუნავს. თუმცა, პამუკალემდე მიღწევა მხოლოდ ყველაზე გამბედავებს შეუძლიათ, რადგან ტურისტული ცენტრიდან საკმაოდ შორსაა, ფერდობზე კი, შეუძლებელია ფეხსაცმლით სიარული, რადგან ფაქიზი კირქვა ადვილად ზიანდება, კლდე კი, იშლება.

რეტბას ტბა, სენეგალი – თუ ღირსშესანიშნაობებით მდიდარ აფრიკულ ქვეყანაში გადაწყვიტეთ მოგზაურობა, აუცილებლად მოინახულეთ რეტბას ტბა, რადგან ვარდისფერი წყალი თეთრი ქვიშის ფონზე მართლაც შთამბეჭდავია. ორიგინალურად წყალსატევს იშვიათი ციანობაქტერიები „აფერადებენ”, რომლებიც ათასწლეულების მანძილზე ბინადრობენ მარილიან ტბაში.

შონდონგის გამოქვაბული, ვიეტნამი – ფონგია-კებანგის ნაციონალური პარკის ტერიტორიაზე არსებული მსოფლიოს უმსხვილესი გამოქვაბული, რომლის დერეფნების სიგრძე სულ მცირე 200 მეტრს აღწევს, ფანტასტიკური ფილმის დეკორაციას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას. განსაკუთრებით შთამბეჭდავია მიწისქვეშა მდინარე და გამოქვაბულის კედლების ღიობებში ამოზრდილი მცენარეები, რომლებიც ყოველთვის განსხვავებულად აირეკლავენ მზის სხივებ და ანათებენ გამოქვაბულს.

მანათობელი პლაჟი, მალდივები – ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ხელით შეხება მალდივებზე, ვაადჰუს კუნძულთან ახლოს შეიძლება, სადაც ოკეანის სანაპირო წყლებში,   მანათობელი პლანქტონი ბინადრობს და განსაკუთრებით „სტრესულ“ მდგომარეობაში ანუ  მოქცევის და მიქცევისას, ან ქარიან ამინდში ლურჯად ანათებს. ადგილობრივების მტკიცებით, ასეთ დროს განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო და არ შეიძლება წყალში ღრმად შეცურვა, რადგან პლანქტონი ნეონის ნათებასთან ერთად შხამიან ნივთიერებებს გამოყოფს.

ფერადი დიუნები ლასენის პარკში, შეერთებული შტატები – ინტერნეტით გავრცელებული  ლასენის პარკის ფოტოები ბევრმა ჩვეულებრივ ფოტომომნტაჟად ჩათვალა, რადგან არ დაიჯერა, რომ ამგვარი სილამაზე მართლაც არსებობს. ნაციონალურ პარკში, საუკუნეების წინ მიძინებული ვულკანის ძირში მოქცეული დიუნების “სიჭრელეს” ქიმიკოსები მარტივად ხსნიან – როგორც აღმოჩნდა უკანასკნელი ამოხეთქვის დროს, ცხელ ლავას ფერფლი დაედო, რომელმაც ჟანგვა განიცადა და ვარდისფრად შეიფერა.

ვაიტომოს გამოქვაბულები, ახალი ზელანდია – ქალაქ უაიკატოს გამოქვაბულების კედლები რამდენიმე ათასწლეულის წინ გაჩენილი სხვადასხვა ზომისა და ფორმის კირქვის წანაზარდებითაა მორთული. გარდა ამისა, გამოქვაბულში მილიონობით მანათობელი კოღო ბინადრობს, რომლებიც კამარაზე ჩამოკიდული ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ეფექტს ქმნიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები