LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოდგორიცა – რჩევები მონტენეგროში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

პოდგორიცა – მონტენეგროს მთავარი ქალაქია. მას ტიპიურ ევროპულ ქალაქს ვერ უწოდებ, მაგრამ განუმეორებელი ატმოსფეროს გამო სტუმრობა შეიძლება. აქ ისტორიული მოვლენები ერთმანეთშია შერწყმული: უძველესი ტაძრები, შუასაუკუნეების ციხესიმაგრეების ნანგრევები, თურქულ ბატონობაზე მეტყველი მეჩეთები.

თანამედროვე პოდგორიცა ქვეყნის მთავარი სატრანსპორტო კვანძი, მისი ადმინისტრაციული და სამეცნიერო ცენტრია. ბუდვასა და კოტორთან შედარებით, აქ ტურისტი ნაკლებადაა, თუმცა მონტენეგროს დედაქალაქი ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება. აქ ჩასვლა ახლა ქართველი მოგზაურებისთვისაც უფრო მეტად ხელსაყრელია: მონტენეგროსთან ხომ უვიზო მიმოსვლა შევიდა ძალაში.

 

ტრანსპორტი

ქალაქის ცენტრის არეალში ფეხით სიარულიც შეიძლება, რადგან ყველა ღირსშესანიშნაობა გვერდი გვერდაა. საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით საქმე მთლად იდეალურად ვერ არის. მოძველებული ავტობუსები, არც კონდიციონერები და არც მოძრაობის განრიგი. ხშირად არ დადიან და მარშრუტის რუქასაც მარტივად ვერ იპოვით. მგზავრობა 0.6-0.8 ევროა, ბილეთები ჯიხურებში იყიდება. თუ ბილეთს მძღოლთან შეიძენთ, ლამის ორჯერ ძვირი დაგიჯდებათ.

ტურისტებს, რომლებიც ცენტრში ან პრეკო მორაჩეში გაჩერდებიან, ტრანსპორტზე დარდი არ მოუწევთ: ყველა სანახავი ფეხის სავალზეა.

ტურისტები და ადგილობრივებიც ძირითადად ტაქსით დადიან, მით უმეტეს, რომ ძვირი არ არის და გაჩერებები თითქმის მთელ ქალაქშია. მინიმალური ღირებულება 3 ევროა, ხოლო ცენტრის ფარგლებში რთულია 4-5 ევროზე მეტის დახარჯვა.

 

გოლუბოვცის აეროპორტიდან ქალაქამდე 9 კმ-ია.

 

სასტუმროები

პოდგორიცას სასტუმროები მონტენეგროში საუკეთესოები ნამდვილად არ არის, არჩევანის მთელი სიმდიდრე ქვეყნის რივიერას ერგო. უმრავლესობა 3 და 4*-იანი, თუმცა „ხუთიანებიცაა“ (120 ევრო ორ ადამიანზე). „ოთხიანებში“ ორადგილიან ნომერზე 50 ევროს მოგთხოვენ. ნორმალური „სამიანი“ 35 ევროდან იწყება. ყველაზე იაფინი ვარიანტი მოტელია. აქ გაჩერება ორ კაცს 20-25 ევრო დაუჯდება. ქალაქში ჰოსტელებიცაა, სადაც ღამეს 15 ევროდაც გაათევთ.

 

შოპინგი

ქალაქის ახალ ნაწილში ცნობილი ბრენდების ტანსაცმლის მაღაზიებია თავმოყრილი. არის რამდენიმე სავაჭრო ცენტრიც, მაგალითად Delta City, სადაც 70-ზე მეტი მაღაზიაა. არის უფრო მცირე სავაჭრო ცენტრებიც, თუნდაც Palada და Nikic Center. უნდა აღინიშნოს The Mall of Montenegro.

ძალიან იაფი ტანსაცმლის ყიდვა, ოღონდ შედარებით დაბალი ხარისხის, ღია ბაზრობებზეა შესაძლებელი.

საერთო ჯამში, შოპინგი დაბალი დონისაა, ადგილობრივებიც კი სტამბოლში სიარულს არჩევენ.

 

სამზარეულო და რესტორნები

მონტენეგროელები ტრადიციონალისტები არიან, მათ შორის საკვებშიც. ამიტომაცაა უცხო სამზარეულო, განსაკუთრებით აზიური, აქ ფეხს რომ ვერ იკიდებს. სამაგიეროდ, მეზობლებმა მოახდინეს გავლენა გემოვნებაზე – პოდგორიცაში ბევრი პიცერიაა, ხოლო „მაკდონალდსის“ ბურგერების ნაცვლად ადგილობრივები ბერძნულ გიროს მიირთმევენ 3 ევროდ ან თურქულ ბურეკს 1 ევროდ.

საუკეთესო დაწესებულებები რა თქმა უნდა ნაციონალურ სამზარეულოს გთავაზობენ, სადაც მთავარი ახალი ნატურალური პროდუქტებია.

ხორცს ძირითადად ამზადებენ ღია ცეცხლზე ან ნახშირზე. გარნირად კარტოფილი ფრი მიაქვთ, ხოლო სალათის ნაცვლად მსხვილად დაჭრილი ბოსტნეული. ადგილობრივი დელიკატესებია გამოყვანილი ხორცი “პრშუტი” ძეხვი, ყველი და ზეთისხილი.

ერთ-ერთი პოპულარული კერძია მეშანო მესო. დიდ პორციაში შედის გრილზე შემწვარი სხვადასხვა სორტის ხორცი, ასევე „ჩევაპი“ და „პლესკავიცა“ – ხორცის ფარშის ძეხვი და კოტლეტი. ღვინოებს შორის საუკეთესოდ მიიჩნევა თეთრი „კრსტაჩი“ და წითელი „ვრანაცი“. ადგილობრივ მაგარ სასმელს „რაკიას“ თითქმის ყველა ხილისა და კენკრისგან ამზადებენ.

ფასები მისაღებია. რესტორანში ნოყიერად ვახშმობა დასალევით 15 ევრო დაჯდება.

აუცილებლად დააგემოვნეთ ნამცხვრები (1.5-2 ევრო) საკონდიტროებში.

 

ღირსშესანიშნაობები

პოდგორიცა ძალიან დაზარალდა მეორე მსოფლიო ომის დროს, ამიტომ ისტორიული ღირსშესანიშნაობები ბევრი არ შემორჩა. ფაქტობრივად ყველა ძველ ქალაქშია (Stara Varos) და მას ფეხით მოივლით.

შემორჩენილია ძველი მეჩეთები და ეკლესიები. ყველაზე ცნობილია მე-10 საუკუნის წმინდა გიორგის ტაძარი, რომელიც თითქმის პირველსახითაა შემორჩენილი, მათ შორის ფრესკებიც.

ქალაქის სიმბოლოა მილენიუმის ხიდი (2005 წ). ის აერთებს მდინარე მორაჩას ნაპირებს, ძველ და ახალ გრადს. განსაკუთრებით ლამაზია ღამით, როდესაც მთელ სიგრძეზე განათება ირთვება.

ისტორიული ცენტრის სიმბოლოა საგუშაგე კოშკი. ფასადზე დამაგრებული საათი დროს აგერ უკვე 250 წელია აჩვენებს.

ქალაქის მუზეუმი მდიდარ ისტორიულ მემკვიდრეობას ინახავს.

ბარემ აქვე ვახსენოთ მონტენეგროს ეროვნული მუზეუმი.

რესპუბლიკის მოედანი არა მარტო ქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის ყველაზე დიდი მოედანია. მისი ფართობი 15 ათას კვ/მ-ს შეადგენს.

ზამთრის სამეფო სასახლე პირდაპირ ცენტრშია და ის ნეოკლასიციზმის სტილშია აგებული, დღეს კი სამხატვრო გალერეაა.

შეიძლება დიდი ვერაფერი, მაგრამ მაინც ნახეთ პარლამენტის შენობა.

ქრისტეს აღდგომის ტაძარი ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ტაძარია მონტენეგროში. მისი მშენებლობა 1993 წელს დაიწყო და ისტორიული ცენტრის მოპირდაპირე ნაპირზეა.

პოდგორიცას თავისი ნიაგარას ჩანჩქერი აქვს, რომელიც ქლაქთან ახლოს მდებარეობს.

მედუნი – ქალაქი-ციხესიმაგრეა პოდგორიცას ჩრდილო-აღმოსავლეთით, კუჩას დასახლებასთან ახლოს. დღეისათვის ამ ერთ დროს მასშტაბური ნაგებობების მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. მედუნი ფაქტობრივად ასახავდა მონტენეგროელი ხალხის ისტორიას, მათ ხასიათს.

 

ქალაქში ერთი ტურისტული ქუჩაა – საფეხმავლო ჰერცეგოვაჩკა.

 

ამინდი

პოდგორიცა ხუთ მდინარეს შორის ველზე მდებარეობს. ყველა მხრიდან ის მთებით და ჰაერის მასებითაა გარშემორტყმული, ამიტომ დაბლა აქ ყოველთვის მომატებული ტენიანობაა. ზაფხულში ცხელა და დახუთულობაა, ადრიატიკის ქარი აქამდე ვერ აღწევს. ზამთარში ხშირია წვიმები, ზოგჯერ თოვლიც მოდის. არც ნისლია იშვიათი. ყველაზე ცხელი პერიოდი ივნისიდან სექტემბრამდეა. გაზაფხული მარტში დგება, აპრილში კი თბება და ფაქტობრივად ზაფხულიც დგება. შემოდგომა ლამაზია და ხანგრძლივი, ნოემბრის ჩათვლით არ ცივა.

 

რა ვნახოთ პოდგორიცას სიახლოვეს

პოდგორიცას საზღვრებს გარეთ არაერთი საინტერესო ადგილია.

მონტენეგრო პატარა ქვეყანაა, რომლის მოსახლეობამ ძლივს გადააჭარბა ნახევარ მილიონს, მაგრამ ამ ქვეყანაში იმდენი საინტერესო და საოცარი ადგილია, ყველგან ვერ იპოვით.

ადგილები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ.

 

ბოკო-კოტორის ყურე

ის ევროპაში ყველაზე სამხრეთით და ათ ულამაზეს ფიორდს შორისაა. ამ თვალწარმტაცი ყურეს სანაპიროზე ათეულობით პატარა მყუდრო დასახლებაა.
საუკეთესოა მისი ნახვა კატერიდან. 25 ევროიანი ექსკურსიით ნახავთ ყურეს, წმინდა მარიას ეკლესიას კუნძულზე, კოტორს, ცისფერ გამოქვაბულს და სხვა საინტერესო ადგილებს.

ლამაზია თუ ავტომანქანით გაუყვებით ყურეს სანაპიროს. ვიწრო გზის გასწვრივ არქიტექტურის ნამდვილი მარგალიტები იმალება: ნახევრად დანგრეული სასახლეები და მდიდრული ტაძრები.

 

კოტორი

ეს ქალაქი ცალკე ღირსშესანიშნაობაა. ეს გახლავთ ძველი ტაძრების, ვიწრო ქუჩების და… კატების ქალაქი.


ქალაქი გარშემორტყმულია მასიური კედლით, რომელიც როგორც ამბობენ, სიდიდით მეორეა ჩინეთის დიდი კედლის შემდეგ, თუმცა ეს ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია (სიდიდით მეორე კედელი მეზობელ ხორვატიაშია, სტონში).

კოტორში უსასრულოდ სეირნობა და ძველი სასახლეებისა და ციხესიმაგრეების თვალიერება შეიძლება, რითაც წარმოდგენას შეიქმნით თუ როგორ გამოიყურებოდა ეს ყველაფერი ადრე.
რაც კოტორში აუცილებლად უნდა გააკეთოთ, წმინდა ივანის (იოანეს) ციხის კედელზე ახვიდეთ. დაუვიწყარი ხედია. მონტენეგროში ვიყავიო, არ თქვათ, თუ ასეთ ფოტოს არ ჩამოიტანთ.
ზაფხულში ასვლა დილით ჯობს, სანამ ჩრდილია და არც ისე ცხელა. ზამთარში კი პირიქით. არ დაგავიწყდეთ წყალი და მოხერხებული ფეხსაცმელი.
ფასი: 3 ევრო.

 

კუნძული-ციხესიმაგრე მამულა

კუნძულ-ციხეზე ლეგენდები დადის, სადაც ველური პეიზაჟები და მძლავრი თავდაცვითი არქიტექტურაა.
მამულამდე მხოლოდ ნავით მიხვალთ. როგორც წესი, ნავთან ერთად კომპლექტში ცისფერი გამოქვაბულის ექსკურსიას გთავაზობენ.

კუნძულს სახელი ავსტრო-უნგრეთის იმპერიის გენერლის მამულას საპატივსაცემოდ უწოდეს, რომელმაც ფორტი ზღვიდან თავდასხმის თავდასაცავად ააგო. კუნძული მიტოვებულია, აქ თოლიებისა და ველური ბოცვრების სამეფოა.

 

ძველი ქალაქი ბუდვა

წმინდა მარიას ძველი ციხესიმაგრე-ციტადელი და წმინდა იოანეს ტაძარი ძველი ბუდვას სავიზიტო ბარათია. აქ ინახება უძველესი სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც მოციქულ ლუკას დაწერილია, ხოლო ციტადელში დღეს მუზეუმია გახსნილი, სადაც ერთ საათში საუკუნოვან ისტორიას გაეცნობით (2 ევრო).

ძველი ქალაქიდან სანაპიროს გასწვრივ ბილიკი ზღვაზე გადის და აბა რა ტურისტი ხარ, თუ ეს გზა არ გაიარე და გოგონაც არ ნახე, რომელიც მეზღვაურის დაბრუნებას ელოდება.

პოდგორიცადან ბუდვამდე 60-65 კმ-ია. ტაქსი დაახლოებით 50-70 ევრო დაგიჯდებათ თუ გამოიძახებთ. აეროპორტიდან ტაქსი უფრო ძვირია, 100 ევრომდე.
ბუნებრივია უფრო იაფია ავტობუსით მგზავრობა. პოდგორიცის ავტოსადგურიდან ავტობუსი 6 ევროდან 15-30 წუთში დადის და გზას 1.5 საათს ანდომებს.

 

პორტო მონტენეგრო ტივატში

ამ ადგილს ხშირად აქაურ მონაკოს უწოდებენ. აქ ყველაზე ძვირადღირებული მაღაზიები და სასტუმროებია. ფაქტობრივად ეს პატარა ქალაქია ქალაქში. ასეთ ადგილზე ფინჯანი ყავა თეთრი იახტების ხედით – აი ცხოვრება.

 

ჯურჯევიჩის ხიდი

ხიდი მონტენეგროს სავიზიტო ბარათია. ეს ისეთი ადგილია, რომელსაც სიტყვებს ვერ მოუძებნი და ნახვა ჯობს. მაღალი, ლამაზი, თაღოვანი. ხიდთან ახლოსაა კემპინგი, მაღაზია, ჰოსტელი. უშუალოდ ხიდზე ორი ზიპ-ლაინია, აი ჯამპინგი კი აიკრძალა, ავტომობილისტებს უშლიდა.


ხიდამდე ან ავტომანქანით დამოუკიდებლად მიხვალთ ან მდინარეების ტარა და მორაჩას ექსკურსიას გაყვებით.

 

სკადარის ტბა და ვირპაზარი

სკადარის ტბა ან შკოდერი ბალკანეთის ყველაზე დიდი ტბაა. კუნძულები, ფლორა და ფაუნა, ციხესიმაგრეები, სოფლები, ნავები…
სკადარის ტბის კარია სოფელი ვირპაზარი. გაზაფხულზე აქ ღვინის და თეთრულას ფესტივალი ტარდება.

სტუმრობის იდეალური დროა მაისი-ივნისი, როდესაც ტბაზე დამფარები ყვავილობენ.

ნაკრძალში შესვლა 4 ევროა.

როგორ მივიდეთ: დამოუკიდებლად ავტომანქანით, შემდეგ ნავით ექსკურსიის აღება ვირპაზარში (დაახლოებით 25 ევრო). ან ერთდღიანი ექსკურსია ბუდვადან (40 ევრო).

 

ოსტროგი და მონასტერი

მონტენეგროს სახელგანთქმული სიწმინდე. ეს მომლოცველების მხრიდან მესამე ყველაზე მონახულებადი ადგილია იერუსალიმის სიწმინდეების შემდეგ. მონასტერი შედგება ზედა და ქვედა ნაწილებისგან, რომელსაც მთიანი გზა ყოფს. ოსტროგი ჯადოსნური ადგილია, აქ სურვილები სრულდება, ოღონდ სწორად უნდა ჩამოაყალიბოთ.
ერთდღიანი ექსკურსიის აღება 25 ევროა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები