LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე მოქალაქეთა საჩივრები გაზრდილია – ომბუდსმენი

91

სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოში ყველაზე ხშირად შრომითი უფლებები ირღვევა, – ამის შესახებ საქართველოს ნინო ლომჯარიამ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სახალხო დამცველის ანგარიშს განიხილავენ.

„შრომით ურთიერთობებში ყველაზე ხშირად ირღვევა ადამიანის უფლებები. ეს არის ჩვენი საზოგადოების განწყობები და ნამდვილად არის ინდიკატორი, რომ ან კანონმდებლობაში გვაქვს პრობლემა ან მის პრაქტიკაში განხორციელებაში. დისკრიმინაციას ყველაზე ხშირად სწორედ შრომით უფლებებში ვადგენთ. ეს გულისხმობს დისკრიმინაციას იგივე პოლიტიკური შეხედულებების, გენდერული თუ სხვა ნიშნით,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, გაზრდილია საჩივრები მოქალაქეთა საჩივრები პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე.

„გაიზარდა მოქალაქეთა საჩივრების მაჩვენებელი პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე. ზოგადად, ალბათ, ყველაზე პრობლემატურ საკითხად დავასახელებდი გამოძიების ეფექტურობას, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება სამართალდამცველთა მხრიდან ჩადენილ გადაცდომებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს ეს საკითხი თქვენი მხრიდან,“ – მიმართა ლომჯარიამ დეპუტატებს.

ომბუდსმენი ამბობს, რომ ყველაზე დიდი პროგრესი ადამიანის უფლებების გაუმჯობესების მხრივ პენიტენციურ სისტემაში შეინიშნება.

„მაგალითად შარშან სახალხო დამცველს პენიტენციურ სისტემაში არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების არც ერთი მოთხოვნა არ წარუდგენია პროკურატურაში. თუმცა პატიმართა შორის ძალადობა არის პრობლემა,“ – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.