LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციური რეიდები ღამის კლუბებში – როგორ ხდება კონტროლი საზღვარგარეთის ქვეყნებში

თბილსში, ნარკორეალიზატორების დაკავების მიზნით ღამის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. საზოგადოების ერთი ნაწილი ღამის კლუბებში ჩატარებულ რეიდს ამართლებს, მეტიც, მიაჩნიათ, რომ სახელმწიფომ დააგვიანა. მეორე ნაწილის აზრით, რეიდის ასეთი ფორმა დაუშვებელია და ამ ქმედებით ხელი შეუშალეს, როგორც კლუბის მუშაობას, ასევე სერიოზული რისკის ქვეშ დააყენეს, ტურიზმის კუთხით ქვეყანა.

საქართველოს მსგავსად, პოლიციური რეიდები ღამის კლუბებში ევროპის ისეთ ქვეყნებშიც ხდება, სადაც კლუბური ცხოვრება საკმაოდ პოპულარულია. რეიდი განხორციელდა ლონდონშიც, სადაც 20 წლის ლეა ბეთსი “ექსტაზის” მოხმარების გამო გარდაიცვალა. რეიდები ლონდონის საკმაოდ მსხვილი და პოპულალური ღამის კლუბების დახურვით დასრულდა.

The guardian-ი წერდა, რომ წლების განმავლობაში, ლონდონი გააფთრებით ცდილობდა ღამის ცხოვრების კუთხით, ბერლინს არაფერში ჩამორჩენოდა. ლონდონისგან განსხვავებით, ბერლინის ხელისუფალნი კარგად ხვდებიან ღამის კლუბების როლს ქალაქის კულტურულ განვითარებაში და მის წინსვლას ყველანაირი ფორმით ხელს უწყობენ.

გამომდინარე იქიდან, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნა საქართველოს დღის წესრიგში დგას, მნიშვნელოვანია გადავხედოთ სხვა ქვეყნების მოდელებს, სადაც უკვე მოხდა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია ან ლეგალიზაცია.

ჩეხეთის რესპუბლიკაში ნარკოპოლიტიკა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია. 2013 წლიდან მოყოლებული, ჩეხეთში 15 გრამამდე “მარიხუანას” მოხმარება დეკრიმინალიზებულია. სამედიცინო მიზნებისთვის გაყიდვა-შეძენა ასევე 15 გრამამდეა ლეგალური, ხოლო სხვისთვის გადაცემა მხოლოდ და მხოლოდ სპეციალური სამედიცინო ლიცენზიითაა შესაძლებელი, ასევე 15 გრამის ოდენობით. “მარიხუანას” უნებართვოდ მოყვანა კანონით აკრძალულია, თუმცა ლიცენზიის ქონის შემთხვევაში, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება 5 ბუჩქი “მარიხუანა” მოიყვანოს.

კვიპროსში “მარიხუანას” მოხმარება არალეგალურია, თუმცა სამედიცინო მიზნებისთვის მისი გამოყენება დეკრიმინალიზებულია. იგივე შეიძლება ითქვას ხორვატიაზეც. გერმანიაში სპეციალური დაწესებულების ნებართვის გაცემის შემდეგ, “მარიხუანას” მოხმარება, გაყიდვა, მოყვანა, ტარება ლეგალურია. რუმინეთსა და იტალიაში, სხვა ბევრი ქვეყნის მსგავსად, მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენებაა ლეგალური. ესპანეთში პირადი მოხმარებისთვის და ისიც მხოლოდ და მხოლოდ სახლში, “მარიხუანა” სრულად ლეგალურია. მისი გაყიდვა აკრძალულია. სამაგიეროდ, ადამიანს შეუძლია 6 ან ცოტა მეტი ძირის მოყვანა.

პორტუგალია ნარკოპოლიტიკის მხრივ, ევროპაში ყველაზე გამორჩეული ქვეყანაა, რადგან ისინი იყვნენ პირველები, ვინც ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია მოახდინა. 2001 წლიდან, პორტუგალიაში მოქმედებს კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც ნარკოტიკების გაყიდვა აკრძალულია, მაგრამ მისი მოყვანა და ტარება დეკრიმინალიზებულია.

ჰოლანდიაში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, 5 გრამამდე “მარიხუანას” შეძენა-მოხმარება სრულად ლეგალურია, თუმცა მისი საზოგადოდ მოხმარება და გაყიდვა მხოლოდ სპეციალურ ადგილებში, Coffee Shop-ებშია ნებადართული. ჰოლანდიელებს შეუძლიათ საკუთარ სახლშიც მოიყვანონ 5 ძირამდე “მარიხუანა”.

მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წარმომადგენელი დავით სუბელიანი „ფორტუნასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ღამის კლუბებში ევროპაში რეიდები იშვიათი მოვლენაა და ხდება მაშინ, როცა ნარკოტიკების ბაზარი ირევა.

„სახელმწიფო მაინც ხედავს ვინ ყიდის, რას ყიდის და მაქსიმალურად ცდილობენ ნარკოშიმშილში არ ამყოფონ ხალხი. ისინი აუცილებლად იპოვნიან ცუდ ნარკოტიკს და ეს არ აწყობს სახელმწიფოს. ჩვენი სახელმწიფო ამას ვერ ხვდება. ერთხელ საქართველომ გადაწყვიტა “ჰეროინის” ბაზარი გადაეკეტა, რადგან მიიჩნია, რომ “ჰეროინი” ძალიან ცუდია. გადაკეტა თუ არა, დაიწყეს სხვა, გაცილებით მავნებელი ნარკოტიკების გამოყენება. ისევ გადაუკეტეს, კიდევ უფრო მავნებელზე გადავიდნენ.  ასეთ შემთხვევაში დაბალანსებული პოლიტიკა უნდა აწარმოო. საზღვარგარეთ ბაზარს აკონტროლებენ და  ცდილობენ, რომ ცუდი მოთამაშე არ შემოვიდეს, რომელიც ფულს გააკეთებს იმაში, რომ მომწამვლელ ნივთიერებას შეურევს და ცუდ პროდუქტს გაყიდის. გერმანიაშიც ყოფილა რეიდები, თუმცა არა გარდაცვალების შეთხვევის გამო. საკლუბო სივრცეებში ადამიანების გარდაცვალება ძალიან იშვიათად ყოფილა, იმიტომ, რომ პრევენციას აკეთებს პოლიცია დროულად. კლუბები თანამშრონმლობენ სამართალდამცავებთან და როცა ისინი დახმარებას სთხოვენ, მაშინ ხდება რეიდი. თუმცა, კლუბის დაცლა არ ხდება. საპირფარეშოსთან არის მოგროვებული ხუთი დილერი, უცბად შემოვარდება პატარა ჯგუფი, იქვე მოაგვრებს ლოკალურად და შეიძლება, ნაწილმა ვერც კი გაიგოს ეს ამბავი, უცბად აიყვანენ რამდენიმე ადამიანს და ეგაა,“ – ყვება დავით სუბელიანი.

მისივე თქმით, შავი ბაზრის რისკების დასაზღვევად, საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებობს განგაშის ადრეული სისტემები, იმისთვის, რომ სახელმწიფო საქმის კურსში იყოს, რა ნარკოტიკი შემოდის ქვეყანაში.

„თუ რაღაც ახალი გამოჩნდა, იგზავნება ყველა შესაბამის უწყებაში. აი, მაგალითად: დაფიქსრიდა, რომ “ფენტანილია” შემოსული, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ძალიან მოიმატოს ზედოზირების შემთხვევებმა. ამიტომ, ექიმები და ა.შ. ემზადებიან იმისთვის, რომ ასეთ ფაქტებზე რეაგირება იყოს სწრაფი. პოსტსაბჭოთა სივრცეში ფაქტობრივად ნარკოტიკებისადმი სახელმწიფოს პოზიცია არავის გადაულახავს. უკრაინა რაღაცას ცდილობს და აქვს შანსი. ჩვენ და რუსეთი ვართ ყველაზე უმსგავსო სიტუაციაში. პორტუგალიას აქვს ყველაზე დახვეწილი მოდელი. მას აქვს გადარწმუნების კომისია. პოლიცია მომხარებელს რომ გამოავლენს, მიჰყავს ამ კომისიაში. თუ ეს ადამიანი აღმოჩნდა დამოკიდებული, ცდილობენ ჩასვან სერვისებში, მუშაობენ ამ საკითხებზე. დღეს სქართველოში ნარკოპოლიტიკას აკონტროლებს შსს და უმჯობესი იქნება გადამისამართდეს სხვადასხვა უწყებებზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე და ა.შ.“ –  განაცხადა სუბელიანმა.

პორტალის hostelworld.com ანალიტიკოსებმა სპეციალური კვლევა ჩაატარეს იმ ქალაქების დასადგენად, სადაც ყველაზე აქტიური და კომფორტულია ღამის ცხოვრება. სია ასე გამოიყურება 1. ჰამბურგი, გერმანია. 2. კოპენჰაგენი, დანია. 3. ბერლინი, გერმანია. 4. დუბლინი, ირლანდია.  5. ამსტერდამი, ნიდერლანდები. 6. სან-ფრანცისკო, აშშ. 7. გიოტებორგი, შვედეთი. 8. პრაღა, ჩეხეთი. 9. ვარშავა, პოლონეთი და  10. ნიუ-იორკი, აშშ.

ქეთი გიგოლაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები