LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოზიტიური დღის წესრიგი 12 აგვისტოს შეთანხმების დაცვითა და დევნილთა დაბრუნებით უნდა შეიქმნას – პრეზიდენტი

106

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით რუსეთში აკრედიტებულ ელჩებთან გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პოზიტიური დღის წესრიგი 12 აგვისტოს შეთანხმების დაცვითა და დევნილთა დაბრუნებით უნდა შეიქმნას.

,,საქართველო კვლავაც მიისწრაფვის დავების მშვიდობიანი მოწესრიგებისკენ. ჩვენი არაერთი შეთავაზებაც რუსეთის ფედერაციისადმი მიზნად ისახავს არსებული კონფრონტაციული პარადიგმის შეცვლას თანამშრომლობის სივრცით. მაგრამ ნდობის აღდგენა შეუძლებელია მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევითა და სუვერენიტეტის შელახვით.

პოზიტიური დღის წესრიგისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა იყოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულება და ლტოლვილთა და დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში.

რაც შეეხება ნატოს, საქართველოსა და ალიანსის თანამშრომლობა ემსახურება უსაფრთხოებას რეგიონში და ხელს უწყობს სტაბილურობას თავად რუსეთის ფედერაციის სამხრეთ საზღვრებთან“, – აღნიშნულია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

ვლადიმერ პუტინმა იმ პოლიტიკოსებს, ვინც საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ჩართვას ცდილობენ, მოუწოდა ამ გადაწყვეტილების შედეგებზე დაფიქრდნენ. ეს განცხადება პუტინმა რუსეთში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრაზე გააკეთა.