პრემიერი: ჩვენ ვიცავთ იმპორტიორების ინტერესს

97

ჩვენ ამ რეგიონში ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობა ერთდროულად როგორც ევროპასთან, ასევე ჩინეთთან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე განაცხადა, რითაც ფორუმის ერთ-ერთი სპიკერის, ანილ გუფთას კითხვას უპასუხა. გუფთა დანტერესდა, თუ როგორ დაეხმარება აბრეშუმის გზის ინიციატივა ქვეყანას სავაჭრო სფეროში, როდესაც არის საუბრაი სავაჭრო დეფიციტებზე.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო ამ საკითხზე ღიაობის მეშვეობით მუშაობს.  „ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად, რომ გვქონდეს ღია სავაჭრო ქსელები, ხელშეკრულებები თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით. თავისუფალი ვაჭრობის დროს, რა თქმა უნდა, ჩვენ არანაირ პროტექციონიზმს არ ვიყენებთ, იმისთვის, რომ შევქმნათ რაღაც ბარიერები იმპორტიორებისთვის. ჩვენ ვიცავთ იმპორტიორების ინტერესს. ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი ღერძი აბრეშუმის სარტყელისა და გზის – ვაჭრობის ხელშეწყობა. საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების საფუძველზე, ასევე ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, ახლახან ჩვენ ხელი მოვაწერეთ ასეთ ხელშეკრულებას ჩინეთთან. ასე რომ, ჩვენ ამ რეგიონში ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობა ერთდროულად როგორც ევროპასთან, ასევე ჩინეთთან. ჩვენ ასევე დავიწყეთ მოლაპარაკებები თავისუფალ ვაჭრობაზე ინდოეთთან და თუკი ჩვენ გავყვებით ყველა ამ ხელშეკრულებას, აღვასრულებთ მათ, პრაქტიკულად საქართველო გახდება ძალიან კარგი ადგილი ლოჯისტიკისთვის, ტრანზიტისთვის, ვაჭრობისთვის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა, აბრეშუმის გზის ინიციატივის მაქსიმალური გამოყენების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. „ინიციატივა თავისუფლად იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ რეგიონის საგზაო-სატრანსპორტო პოტენციალი მაქსიმალურად იქნას გამოყენებული და მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები. ამ სამი მიმართულების განვითარებით, ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ვუზრუნველყოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, აბრეშუმის გზის განვითარებასთან ერთად და ამავდროულად ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყნებთან. მე მჯერა სხვა ქვეყნებიც დიდ სარგებელს მიიღებენ ამ ინიციატივისგან. ეს ინიციატივა, ყველა ქვეყანას აძლევს საშუალებას, აძლევს შანსს, რომ თავისი პოტენციალი გამოიყენოს ამ უნიკალური ინიციატივის ფარგლებში. ეს არის ბიზნესგარემოს გაუმჯობესება და საქართველომ შეძლო ჩამოეყალიბებინა უნიკალური პირობები ბიზნესის კეთებისთვის, ეს ჩვენმა მეგობრებმაც აღნიშნეს. ჩვენ ძალიან შეზღუდული გვაქვს ბიუროკრატია. საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ გამოაცხადა სამინისტროების შემცირება და 18-დან 14-მდე მცირდება სამინისტროების რიცხვი. ამავდროულად ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, იმისთვის, რომ მმართველობის ხარისხი გაუმჯობესდეს, უკეთესი გარემო გვქონდეს ჩვენ ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები