LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი : “ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას ქვეყნის განვითარებისთვის გამოიყენებს

76

დღეიდან იწყება აღმშენებლობის სრულიად ახალი ეტაპი საქართველოში და ჩვენ მზად ვართ, ქვეყნის წინსვლისთვის გადამწყვეტი ნაბიჯები გადავდგათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულება მიულოცა. მისი თქმით, საზოგადოების მიერ გამოცხადებული ნდობა მმართველ პარტიას უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს.

„დღეს ჩვენს ქვეყანაში გაიმარჯვა დემოკრატიამ. ეს არის ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს გამარჯვება. ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ, უკეთესი მომავლისკენ, განვითარებისა და კეთილდღეობისკენ. ყველა შეფასებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო სამართლიანი, თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული. დიდი მადლობა იმ მაღალი ნდობისთვის, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გამოუცხადეთ. ეს პირადად ჩემთვის და „ქართული ოცნების“ ყველა წევრისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა – მჯერა, რომ ჩვენ ღირსეულად გავართმევთ თავს ამ მოვალეობებს და ქვეყანას განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიყვანთ. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, თქვენ ხმა მიეცით – თავისუფლებას, სტაბილურობას, ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს!

მთავრობის მეთაურის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების პოზიტიური შედეგები აუცილებლად აისახება საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არჩევნების მონიტორინგში ჩართულობისთვის, ასევე მედიის წარმომადგენლებს- პროცესების გაშუქებისთვის.

„ჩვენმა ხალხმა გამოავლინა მაღალი სამოქალაქო კულტურა, პირნათლად მოიხადა საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი. მე პატივს ვცემ თითოეული ადამიანის თავისუფალ არჩევანს, იმის მიუხედავად, რომელ პოლიტიკურ ძალას მისცა ხმა. მთავარია, რომ ჩვენ, ყველამ ერთად შევძელით საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და ეს არის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არჩევნების მონიტორინგში ჩართულობისთვის. მადლობა მედიას, ჟურნალისტებს, რომლებიც აშუქებდნენ პროცესებს.“

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამომრჩევლის გადაწყვეტილებით, ,,ქართულმა ოცნებამ“ მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელსაც, პირველ რიგში, ქვეყნის განვითარების ამბიციური გეგმის განსახორციელებლად გამოიყენებს.

„ჩვენი ხალხის გადაწყვეტილებით, ,,ქართულმა ოცნებამ“ მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვენ ამ მანდატს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ აღარავის მიეცეს შესაძლებლობა, რომ კონსტიტუცია რომელიმე ერთ პოლიტიკურ ძალას მოარგოს. „ქართული ოცნებისთვის“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ნიშნავს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ჩვენი ხალხის წინაშე. რაც მეტია ხალხის ნდობა, მით უფრო მომთხოვნია საზოგადოება ხელისუფლების მიმართ. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი და ამბიციური გეგმები, რომელიც განათლების სისტემის არსებით გაუმჯობესებაზე, ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები