LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერის ხელმოწერის გაყალბებას მკაფიო რეაქცია უნდა მოჰყვეს – ლევან დავითაშვილი

46

პრემიერის ხელმოწერის გაყალბებას მკაფიო რეაქცია უნდა მოჰყვეს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში მამუკა ბახტაძის ხელმოწერის გაყალბებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„მორალურად ეს არის ცალსახად მიუღებელი საქციელი. ამას უნდა მოჰყვეს საკმაოდ მკაფიო, პრინციპული, კანონმდებლობით განსაზღვრული რეაქციები, რადგან სხვანაირად არ შეიძლება. ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოს ვაშენებთ და ყველა უნდა ემორჩილებოდეს სამართლის მოთხოვნებს,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცესკო-ს ინფორმაციით, ნიკა მაჭუტაძის  პარტია „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის მონაცემები და ხელმოწერა დაფიქსირდა. თუმცა, ცესკო-ს ცნობით, მხარდამჭერთა ბლანკზე არსებული ხელმოწერა სრულიად განსხვავდება მამუკა ბახტაძის საჯაროდ ცნობილი ხელმოწერისგან.

ნიკა მაჭუტაძის პარტიის მიერ მამუკა ბახტაძის ხელმოწერის შესაძლო გაყალბების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ შედის ოპოზიციურ გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“. ამავე გაერთიანების წევრია „ნაციონალური მოძრაობა“,  ხოლო საპრეზიდენტო კანდიდატი – გრიგოლ ვაშაძე. ამასთან, თავის მხრივ პრეზიდენტობის კანდიდატი მაჭუტაძის პარტიამაც დაასახელა. სწორედ მის კანდიდატ მიხეილ ანთაძის მხარდამჭერთა სიაში აღმოჩნდა მამუკა ბახტაძის გვარი და გაყალბებული ხელმოწერა.

პოპულალურები