LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერის შერჩევაში, რა თქმა უნდა, როლი და წვლილი მქონდა – ბიძინა ივანიშვილი

52

პრემიერმინისტრის შერჩევაში, რა თქმა უნდა, როლი და წვლილი მქონდა, რადგან მიმაჩნია, რომ ის კომპეტენტურია, დღევანდელ მთავრობას გაუძღვეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

„ფინანსთა მინისტრის რანგში მან ძალიან ბევრი კარგი პროექტი და ინოვაციური წინადადება შემოიტანა, რაც ინერგება კიდეც და მთავრობაში მისი აღსრულების პროცესი მიდის. სხვა დანარჩენი, ალბათ, უფრო გვიან უნდა შევაფასოთ, მთავრობა რამდენად სწორად იქნა შერჩეული და დაკომპლექტებული. წინა ხელისუფლებისგან განსხვავებული, რაც მან დანიშვნიდან დაიწყო და დღემდე აგრძელებს, ისაა, რომ ახალ ხელისუფლებას პარლამენტთან ურთიერთობა მაქსიმალურად უნდა ჰქონდეს,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, ასეთი კონსტიტუცია გვაქვს და ძირითადი ტრიბუნა პარლამენტი უნდა იყოს.

„ეს მარგველაშვილსაც შეახსენეთ, სულ სააკაშვილს რომ უნდა შეედაროს ხელისუფლების სიჭარბით. სწორედ პარლამენტის წინაშე უნდა იყოს ანგარიშვალდებული მთელი მთავრობა, თუ გნებავთ, პრემიერ-მინისტრიც და არის კიდეც. უნდა იყოს ხშირი ურთიერთობა და პარლამენტი პროცესში უნდა იყოს ჩართული, რამეთუ, გარდა იმისა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, გუნდის დიდი ნაწილი სწორედ პარლამენტს წარმოადგენს. ეს პროცესი ახალმა გუნდმა ისე უნდა გააგრძელოს, როგორც დაიწყო და იმედი მაქვს, ამას მოახერხებენ,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი მოწოდებულია, ყველა სამინისტროში ჩაერიოს, ყველას პრობლემები გაიგოს, კონსულტაციები გაიაროს და დაეხმაროს, რაც კვირიკაშვილის ხელისუფლების დროს არ ხდებოდა, რადგან ინერტულობა ძალიან დიდი იყო, გადაწყვეტილებები ძალიან მძიმედ მიიღებოდა და ძალიან ხშირად, პრემიერი საქმის კურსში არ იყო, სამინისტროებში რა ხდებოდა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იცნობს თუ არა ის ახალ მინისტრებს პირადად, ან მიიღო თუ არა მონაწილეობა მათ შერჩევაში, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ახალი მინისტრებიდან შეხვდა და გაეცნო ქობულიას, რაც თავად ქობულიას სურვილი იყო, მაჭავარიანს და ბატიაშვილს კი, არ იცნობს, მაგრამ იმედი აქვს, მომავალში გაიცნობს.

„ეს ნორმალური შემთხვევაა. პრემიერი თავის საქმეს აკეთებს. საზოგადოებას და ჟურნალისტებს არ გქონდეთ განცდა, რომ ყველა საქმეს მე ვაკეთებ და ყველა გადაწყვეტილებას მე ვიღებ. ასეთი მმართველობისგან ღმერთმა დამიფაროს. უახლოეს წარსულში გვყავდა ასეთი კაცი, რომელიც მსახიობებსაც ირჩევდა, არქიტექტურასაც, რეჟისურასაც, მუსიკასაც წერდა და ყველაფერს ახერხებდა. ასეთისგან ღმერთმა დაგვიფაროს. მამუკა ბახტაძეს ჩემთან გარკვეული კონსულტაციები ჰქონდა, რაც ნორმალურია, მაგრამ მას კომპეტენცია ჰყოფნის და მთავრობა მისი შერჩეულია,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები