LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი : არასოდეს დავივიწყოთ ტრაგედია და ადამიანები, რომლებიც თავდადებით იცავდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობას

56

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და რუსთაველის გამზირზე 28 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. 
„დღეს არის 9 აპრილის ტრაგედიის 28-ე წლისთავი და უმნიშვნელოვანესია, რომ არასოდეს დავივიწყოთ ის ტრაგედია და ადამიანები, რომლებიც დამოუკიდებლობის აღდგენის გარიჟრაჟზე, ასე თავდადებით იცავდნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისკენ მიმავალ გზას.

მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ ტრაგედიიდან 2 წლისთავზე, უკვე 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, 9 აპრილს მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის გაფორმება შესაბამისი აქტით და ეს არის ნამდვილად სასიხარულო და აღსანიშნავი დღე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სახელმწიფოს მეთაური დღეს ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმსაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ საქართველოსთან ერთად საერთაშორისო საზოგადოება გმობს მიმდინარე პროცესებს.

„დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამწუხარო თარიღია – ტარდება რეფერენდუმი ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მთელ პროგრესულ კაცობრიობასთან ერთად; მათთან ერთად, ვისაც სჯერა საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებების; მათთან ერთად ვისაც სჯერა, რომ არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება, როდესაც შენ გყავს ამ ტერიტორიებიდან იძულებით განდევნილი აქ მაცხოვრებელი ენდემური მოსახლეობა; რომელსაც სჯერა, რომ მიუღებელია მეზობელი ქვეყნის ოკუპაცია და არ იღებს იმ ანექსიურ პოლიტიკას, რომელიც ინიცირებულია, სამწუხაროდ, ჩვენი მეზობლის – რუსეთის ფედერაციის მიერ, ჩვენ ძალიან მტკიცედ, ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად ვგმობთ ამ აქტს, რომელიც დღეს მიმდინარეობს და, ბუნებრივია, მას არავინ მიიღებს და გაითვალისწინებს“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას დღევანდელი საუფლო დღესასწაული ბზობაც მიულოცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები