LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი საზოგადოებას თავის გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გააცნობს – ფიქრია ჩიხრაძე საარჩევნო ცვლილებებზე

83

“პრეზიდენტი საზოგადოებას თავის გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გააცნობს,” – ეს განცხადება პრეზიდენტის  მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის და საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებეთან დაკავშირებით  გაიმართა, რომელიც მმართველი გუნდის ინიციატივით უნდა აისახოს კანონმდებლობაში.

ჩიხრაძის თქმით, მან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოისმინა პრაქტიკულად ყველა პარტიის მოსაზრება, ასევე არასამთავრობო სექტორის არგუმენტები ცვლილებებთან დაკავშირებით და საუბარი არ არის იმაზე, თუ რა მოსწონს  ან არ მოსწონს პრეზიდენტს.

”უახლოეს დღეებში ჩამოვყალიბდებით და პრეზიდენტი საზოგადოებას თავის გადაწყვეტილებას გააცნობს. ახალი არ არის თქვენთვის, რომ მთელ ამ პროცესში პრეზიდენტს ჰქონდა კრიტიკული განწყობა ამ საკითხებთან დაკავშირებით, როგორც თვითმმართველობის კუთხით, ისე საარჩევნო კოდექსის მიმართულებით. თავად გადაწყვიტეთ, რა მოლოდინი უნდა შეიქმნათ, იქნება ვეტო თუ არა, ეს არ არის თამაშის თემა. ჩვენ პარტიებს ვეკითხებოდით დეტალურად, არის თუ არა რაიმე პოზიტიური მთელ ამ პროცესში, დაგვისახელეს გარკვეული მუხლები, თუმცა, ძალიან ბევრი იყო ნეგატიური არგუმენტი. ვიმსჯელებთ მათი მონათხრობიდან და შეჯერებულ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი წარმოადგენს”, – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

ამასთან, ჩიხრაძემ აღნიშნა, რომ ”პრეზიდენტის ვეტოს სამართლებრივის გარდა, პოლიტიკური დატვირთვა აქვს”.

”ოპოზიცია ვერ ცვლის და ვერ იღებს კანონებს. მაშინ რატომ არსებობს ოპოზიცია? პრეზიდენტს ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ხელისუფლებას, აქვს თავისი პოლიტიკური პოზიცია და მოსაზრებები. პრეზიდენტს აქვს ინსტრუმენტი, რასაც ჰქვია ვეტო და ის, რომ არაფრისმომცემი და გამოუსადეგარი იყოს, კონსტიტუციაში არ იქნებოდა აღნიშნული”,  – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

 

პოპულალურები