LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი ვერ დაწერს და ვერ შეცვლის კონსტიტუციას – თამარ ჩუგოშვილი

52

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი, აცხადებს, რომ ოპოზიციისა და პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შემუშავებულ ვერსიას ნახავენ, თუმცა, მისთვის გაუგებარია, რომ „კონსტიტუციას წერს ის, ვისაც ამის წერის არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია“.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღების ლეგიტიმაცია საპარლამენტო უმრავლესობას აქვს, რომელიც საზოგადოებამ აირჩია.

„კონსენსუსის ახლებური განმარტებაა, რომ უმრავლესობა, ვინც გადაწყვეტილებას იღებს და რომელიც საზოგადოებამ აირჩია ასეთი გადაწყვეტილებების მისაღებად, უნდა გამოეთიშოს პროცესს და სხვამ სადღაც უნდა დაწეროს კონსტიტუცია, ვისაც ასეთი ლეგიტიმაცია არ გააჩნია. გავიგეთ, რომ პრეზიდენტი საერთოდ სანამ დაიწყებოდა პროცესი, მაშინ დაიწყო პროცესთან ბრძოლა, არაფერი ამაში გასაკვირი არაა, უბრალოდ ეს ბოლო ცოტა სასოწარკვეთილ ნაბიჯად მეჩვენება, სერიოზულად შევაფასო არ შემიძლია,“ – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, უმრავლესობამ ყველაფერი გააკეთა კონსენსუსის მისაღწევად.

“ძალით ვერ დაითანხმებ ვერავის ვერაფერზე. ამ ეტაპზეც კი მზად ვართ… პარასკევს უკვე ხელმისაწვდომი იქნება “ვენეციის კომისიის” მოსაზრება და, თუ რაიმე იქნება ისეთი, რომელიც კიდევ გააუმჯობესებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ამისთვის ვართ მზად. დარწმუნებული ვარ, მათი დასკვნა იქნება პოზიტიური. რაც შეეხება პრეზიდენტს, მისი დამოკიდებულება ვიცით. ვიცით, რომ ბოიკოტის რეჟიმშია, ვიცით, რომ არ მოსწონს, უკმაყოფილოა, მაგრამ რა ვქნათ, პრეზიდენტი ვერ დაწერს და ვერ შეცვლის კონსტიტუციას. ეს არის ანაბანა ხელისუფლების დანაწილების. ვისაც ეს არ ესმის, ძალიან რთულია დისკუსიაში შესვლა,“ – განაცხადა ჩუგოშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად შემუშავებულ კონსტიტუციის პროექტს “ვენეციის კომისიას” გაუგზავნის. დოკუმენტი გაეგზავნება საპარლამენტო უმრავლესობასაც.