LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე იზრუნებს

129

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და “კრეატივ ბიზნეს კაპ ჯორჯიას”  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

მემორანდუმის მიზანი „სი-ბი-სი“-სა და ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავება და „სი-ბი-სი“-ს მიერ განსაზღვრული ღონისძიებებით საქართველოში ახალი ბიზნესიდეების, კრეატიული სტარტაპებისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მხარდაჭერაა.

მემორანდუმის მიხედვით, „სი-ბი-სი“ მზადყოფნას გამოთქვამს განახორციელოს მრავალმხრივი ეფექტიანი საკომუნიკაციო სისტემის შექმნა; მოახდინოს ბიზნესსექტორისა და მოსახლეობის დაინტერესებული წარმომადგენლების ინფორმირება საქართველოში კრეატიული ბიზნესიდეების წარმატებულ ბიზნესპროექტებად გადაქცევის შესაძლებლობებზე.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მაქსიმალურად მხარს უჭერს CBC GEORGIA -ს ამ ინიციატივების განხორციელებაში და შემდგომ რეალიზებაში, რადგან ამ კომპანიამ ყველას გვაჩვენა, რომ შეუძლია კონკრეტული კრეატიული იდეები მიიყვანოს შედეგებამდე.

“ხშირად, ერთი შეხედვით მცირე, უცნაური, სინამდვილეში კი, კრეატიული იდეა დასაწყისია ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სერიოზული ბიზნესპროექტის და ძალიან სერიოზული ახალი ინიციატივების. შესაბამისად, გვინდა, რომ ამ პროცესში ვიყოთ მაქსიმალურად ჩართულები და ხელი შევუწყოთ მას”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

როგორც მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე “კრეატივ ბიზნეს კაპ ჯორჯიას” აღმასრულებელმა დირექტორმა გელა ენდრიუ სულმა განაცხადა, პროექტის ფარგლებში კომპანია ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონებში იმ იდეების გაღვივებას და აღმოჩენას, რომელიც შეიძლება პოტენციურ, საინტერესო ბიზნესებად ჩამოყალიბდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მარტო თბილისში არ იყოს კონცენტრირებული ყველაფერი.

„პროექტის მეორე ელემენტი საქართველოში არსებული კრეატიული იდეების საერთაშორისო დონეზე გასვლაა. ამისთვის, ამ შემოდგომაზე, კრეატიული ინდუსტრიების  საერთაშორისო ფორუმის ჩატარებას ვაპირებთ, სადაც ქართულ კრეატიულ კომპანიებს, ქართულ სტარტაპებს ექნებათ შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების და ძალიან ცნობილი, საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებთან ერთად თავისი იდეები შესთავაზონ საქართველოში პოტენციური ინვესტიციებისათვის“, – განაცხადა გელა ენდრიუ სულმა.

მემორანდუმის ხელმოწერას პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ერთერთი პროექტის მონაწილე ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

„ამით კიდევ ერთხელ გვინდა იმის ხაზგასმა, რომ პრეზიდენტი არ წყვეტს ახალგაზრდული იდეების მხარდაჭერას. მითუმეტეს მაშინ, როდესაც გიორგი მარგველაშვილმა 2017 წელი  განათლების წლად გამოაცხადა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა ასეთი ტიპის ინიციატივა ჩვენი მხრიდან მხარდაჭერილი იყოს. ვფიქრობ, რომ ეს მემორანდუმიც ნაწილია ამ ფართო იდეის.

დიდი იმედი გვაქვს, რომ 2017 წელს არაერთი საინტერესო, ახალი, კრეატიული იდეის, ერთი მხრივ, აღმოჩენა და მეორე მხრივ, მისი მხარდაჭერა და კონკრეტულ გეგმად გადაქცევა მოხდება”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.