LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის სიძის მეგობარი თორნიკე კაჭარავა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

700

თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის სიძის მეგობარ თორნიკე კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. პროცესს მსჯავრდებული, თორნიკე კაჭარავაც ესწრებოდა.

თორნიკე კაჭარავა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით არის დაკავებული. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

პროკურორის განმარტებით, თორნიკე კაჭარავას გათავისუფლება ხელს შეუშლიდა საქმეზე ობიექტურობის დადგენას, ვინაიდან გათავისუფლების შემთხვევაში მას შესაძლოა, მოწმეებზე ზეგავლენა მოეხდინა. ასევე, ბრალდების მხარის თქმით, გამორიცხული არ იყო, რომ გათავისუფლების შემთხვევაში კაჭარავა მიმალულიყო. როგორც პროცესზე პროკურორმა აღნიშნა, “ბრალდებულს მისივე წარსული ცხოვრება ვერ ააღებინებს ხელს მიმალვისგან”.

თორნიკე კაჭარავა დუმილის უფლებას იყენებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს. ადვოკატის თქმით, პროკურატურის პოზიცია, რომ გათავისუფლების შემთხვევაში კაჭარავამ შესაძლოა ქვეყნის საზღვარი გადაკვეთოს, არგუმენტს მოკლებულია. შესაბამისად, დაცვის მხარემ კაჭარავას გათავისუფლების სანაცვლოდ სასამართლოს 30 000 ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

თორნიკე კაჭარავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თორნიკე კაჭარავა საქართველოს პრეზიდენტის სიძის მეგობარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები