LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო

13

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც პარლამენტმა პრეზიდენტს ხელმოსაწერად 10 იანვარს გადაუგზავნა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ეს კანონთა პაკეტი მოიცავს ნორმებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მიუკერძოებელი სასამართლოსა და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პრინციპებს.

„ამ პაკეტისა და საერთოდ, სასამართლო სისტემის რეფორმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მე გადავწყვიტე, რომ გამოვიყენო კონსტიტუციური უფლება და ვთავაზობ პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ის ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფენ სასამართლოში თავმჯდომარეების არჩევის წესს და აგრეთვე, გააუქმებს მომავალში საგამოცდო ვადას”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ამ კანონებთან მიმართებით ვენეციის კომისიის უკვე გაკეთებულ რეკომენდაციებთან.
გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ამ მოტივირებული შენიშვნების გათვალისწინებით მივიღებთ უფრო მაღალი ხარისხის კანომდებლობასა და უფრო მაღალი ხარისხის სასამართლოს.
გიორგი მარგველაშვილმა კანონთა პაკეტის დადებით მხარეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმოდგენილ პაკეტში ბევრი სასარგებლო და მნიშვნელოვანი ცვლილებაა, მათ შორის ისეთი, რომელთა დანერგვასა და ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გაცემულია მრავალი ასობით ათასი ლარი, მაგალითად, საქმეთა ელექტონული განაწილების სისტემის დასანერგად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები